პარხალი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ერთ დროს დიდი მონასტრიდან დღეს მხოლოდ დიდი ბაზილიკური ეკლესიაა შემორჩენილი. ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა.

ბაზილიკა არის მსგავსი ოთხთა ეკლესიის ბაზილიკისა, იმ განსხვავებით, რომ პარხლის ეკლესია ამ სახით აშენდა, გადაკეთებების და რამდენიმე სამშენებლო პერიოდების გარეშე. მხოლოდ დასავლეთით კარიბჭეა გვიანდელი დანამატი, რომელიც ახლა დიდწილად ჩამოშლილია და ტაძარი ფაქტიურად ორიგინალის სახით დგას.

ეს არის სამნავიანი სივრცე, დაყოფილი 4 წყვილი სვეტებითა და თაღნარით, რომელთა განაწილება არათანაბარია. დასავლეთით არის პატრონიკე. აღმოსავლეთით აფსიდია, მაღალი, დაგვირგვინებული კონქით. გვერდით პასტოფორიუმებია. აფსიდისწინა სვეტებში ნიშებია სამეფო და საეპისკოპოსო დასაბრძანებელი.

სამხრეთ ნიში შემკული ფიგურული რელიეფებით, სადაც ანგელოზთა მცირე ფიგურებია კაპიტელებზე.

შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. უხვად შემკულია სარკმლებით.

ექსტერიერში ყველა ფასადი უწყვეტი თაღნარითაა გაფორმებული, სარკმლები კი ორნამენტული და ფიგურული რელიეფებით. სამხრეთ ფასადზე ზედა დონეზე წითელი საღებავით შესრულებული წარწერაა, რომელიც მოიხსენიებს ეპისკოპოსს იოანეს.

წარწერა საკმაუდ უხეში და უშნო კალიგრაფიითაა შესრულებეული, და მის დასათარიღებლად სხვადასხვა მოსაზრებებია გამოთქმული.

თავად ეკლესიის შენება კი დავით კურაპალატის ეპოქას უკავშირდება. შატბერდში გადაწერილი სახარების მინაწერი პირდაპირ ამბობს, რომ ოთხთავი მომზადდა 973 წელს პარხლის ახლადაარსებული საკურთხევლისათვის. სტილისტური და სამშენებლო მონაცემებიც მთლიანად შეესაბამება ამ თარიღს.

ეკლესის საკურთხეველი მოხატულია და ამჯერად თეთრი საღებავითაა დაფარული, რადგან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან აქ მეჩეთი ფუნქციონირებს. შესაბამისად არის შეღებილი ინტერიერიც, დაგებულია ფიცარნაგი, ფასადებზე ღიობები ბეტონით იქნა „შეკეთებული“.

+მეტამონაცემები