ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
ოშკის კათედრალის სამხრეთ-დასავლეთით, სოფლის განაშენიანებაში ჩაფლული, X ს-ის. მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა აღმართული.
დიდი ზომის ადგილობრი ქვის თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესიის ჩრდილოეთი ფასადი მთლიანად მიწაშია ჩაფლული. აღმოსავლეთი ფასადი – ნახევრამდე. დასავლეთის ფასადი მიუღწევადია, ვინაიდან მიშენებული აქვს სახლი. ყველაზე კარგად სამხრეთის ფასადია შემონახული. მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილსა და ამავე ფასადის აღმოსავლეთის ქვედა ნაწილს მიშენებული აქვს სამეურნეო სათავსი. რაც ამ ეკლესიის ქვედა ნაწილს სრულიად ფარავს.
განაშენიანებაში ჩართული, მომწყვდეული ეკლესია ძნელად მისადგომია. სამხრეთი ფასადის შესასვლელს დიდი ზომის ორნამენტით გაფორმებული წარბი ასრულებს. ორნამენტული დეკორით შემკული წარბი იკითხება სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი სარკმლის თავზე.
დასავლეთი ფასადის სარკმლის ადგილი ამორღვეულია. აღმოსავლეთ ფასადზე ცენტრში, ნახევრად მიწაში ჩაძირული სარკმელია დაცული. სარკმელი რელიეფურ მოჩარჩოებაშია ჩასმული, ეკლესია სრულდება მძლავრი, რელიეფური, ორსაფეხუროვანი კარნიზით, რომლის შუბლზე რგოლებია გომასახული. ეკლესია ორფერდა სახურავით სრულდება, რომლის ქანობები ძალიან დამრეცია.
მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ფასადების გადაწყვეტაში გამოყენებულია ოშკის კათედრალისთვის დამახასიათებელი, მასშტაბური არქიტექტურული დეტალები. რაც ამ პატარა სამლოცვედლოს განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას სძენს.