| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ უდეს წმ. ნინოს სახელობის დარბაზული ეკლესია დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს (41°38’25.35″N 42°47’24.62″E 1206 მ). მონასტერი 2006 წელს დაარსდა, ძველი დარბაზული ეკლესიის და სასაფლაოს გარშემო გაშენდა კელიები, სატრაპეზო, სამეურნეო ნაგებობები, გალავანი და სხვ. ეკლესიის ზომებია 8,25 მ X 5,15 მ-ზე. მარტივ დარბაზულ ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, ორი სარკმელი – აფსიდის და დასავლეთ მხარეს. აფსიდში გაჭრილი სარკმელი უჩვეულოდ მაღლა, თითქმის კონქის დასაწყისთანაა განლაგებული. ნახევარწრიულ აფსიდში ორი მაღალი ნიშია. დარბაზი და მისი კამარა ერთი დაკიდებული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული, აფსიდისპირა შვერილებს ნახeვარწრეებით და ორსაფეხურიანი პროფილირებული თაროთო გაფორმებული კაპიტელები აქვს. ფასადები სადაა, თლილი კვადრების წყობაში თავისი ფერით გამოირჩევა სარკმლების თავზე ჩასმული, საგანგებოდ ამოკვეთილი ქვები. სამხრეთ ფასადზე ორი კრონშტეინია, შესასვლელის პორტალი შეწყვილებული სადა ლილვებითაა მოხაზული. კარის მარჯვნივ ფილაა ჩასმული, რომელზეც ერთი დიდი და ოთხი პატარა ჯვარია გამოსახული. საერთოდ კედლებზე ბევრი ჯვარია ამოკვეთილი თუ ამოკაწრული, ისინი აშკარად უსისტემოდ, საუკუნეთა განმავლობაში, მომლოცველების მიერაა შესრულებული. ეკლესია, სავარაუდოდ, X ს-ს განეკუთვნება (ამაზე მიუთითებს ზოგიერთი არქიტექტურული დეტალი – მაგ.,დაკიდებული თაღი და აფსიდიპირა კაპიტელების ფორმა). 2008-9 წლებში ჩატარდა რესტავრაცია და ეკლესია მთლიანად მოიხატა (მხატვარი გ. მღებრიშვილი). შენობაში დგას თანამედროვე კანკელი.
1987 წელს დ. ბერძენიშვილმა უდეს წმ. ნინოს ეკლესიის გალავანში ასომთავრული წარწერა ნახა. მან წარწერის გადმონაწერი შეასრულა და ფოტოზე აღბეჭდა, რომელიც დაცულია მის პირად არქივში. ვ. სილოგავა წარწერას შემდეგი სახით კითხულობს: „ქ წმიდაო ეკლესიაო, მეოხ [ეყავ] სულსა პატარი[სასა]“. მკვლევარი წარწერას ჴ ს-ით ათარიღებს. ჩვენი აზრით, ეკლესიის გალავანში არსებულ წარწერა ასე უნდა წავიკითხოთ:
ქ. წდ~ო ეკს~ო მოხ … | სლ~ა პ~ტრი– ანუ „ქ. წ(მი)დ(ა)ო ეკ(ლე)ს(ია)ო, მოჾიჿხ[სენე] | ს(უ)ლა პ(ა)ტრი[კი].
ჩვენ სრულიად ვიზიარებთ წარწერის ვ. სილოგავასეულ დათარიღებას და მის მსგავსად, წარწერის ქრონოლოგიას ჴ ს-ით განვსაზღვრავთ. წარწერაში უნდა იხსენიებოდეს ჩორჩანელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი სულა პატრიკი, რომელიც, ჩვენი აზრით, შესაძლოა გაიგივდეს 980 წლის ზარზმის სააღმშენებლო წარწერაში მოხსენიებულ იოანეს მამა სულასთან. სულა, როგორც უდის წმ. ნინოს ეკლესიის წარწერა გვამცნობს, ატარებდა ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთ საპატიო სამხედრო წოდებას – პატრიკის სახელოს. ეკლესიის აღმოსავლეთით ეზოში აღმართულია ქვაჯვარი, რომელიც, დ. ბერძენიშვილის ფოტოარქივის მიხედვით, ძინძედან არის ჩამოტანილი პეტრე გაქოშვილის მიერ. წარწერის ტექსტი ქვაჯვრის ორივე მხარესაა განლაგებული. მას პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ჴ-ჴჲ სს-ით ვათარიღებთ:
წÁ გი
`წჾმიდაჿÁ გ(იორგ)ი~ (მკძ 2024, 197).

