ახაშენის ეკლესია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ახაშნის ეკლესია აღწერილია ე. თაყაიშვილის და გ. ბოჭორიძის მიერ, მის რელიეფებს და ეპიგრაფიკას კი სპეციალური კვლევა მიუძღვნა გ. ჩუბინაშვილმა და XI ს-ის პირველი მეოთხედით დაათარიღა. ე. თაყაიშვილის აღწერით, ეკლესიაზე ოსმალურ ხანაში კოშკი დაუშენებიათ და თავდაცვით ნაგებობად გამოუყენებიათ. ეკლესიას ამ გადაკეთებისათვის გაუძლია, მხოლოდ დასავლეთი მინაშენი დანგრეულა მიწისძვრის შედეგად. დარბაზულ ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, სარკმლები – აფსიდში, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. დასავლეთის მინაშენი დღეს კიდევ უფრო მეტად დანგრეულია, ვიდრე ეს დ. ბერძენიშვილის არქივში დაცულ 1982 წლის ფოტოზეა ასახული. გ. ბოჭორიძის აზრით, ეს მინაშენი სამრეკლოს წარმოადგენდა.
დ. ბერძენიშვილის ფოტოსურათზე ჩანს, რომ ეკლესიის დარბაზის კამარა ძირითადად შემონახული იყო, თუმცა სახურავის საფარი სახეზე არ იყო (ამჟამად სახურავი აღდგენილია). დასავლეთის მინაშენი სამხრეთიდან გახსნილი იყო თაღით, დღეს ამ თაღის მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი, მინაშენის დანარჩენი კედლებიც დანგრეულია.
დარბაზული ეკლესია მარტივი ტიპისაა, პასტოფირიუმების გარეშე, აფსიდი და კონქი ოდნავ უსწორო მოხაზულობისაა, განსაკუთრებით კონქი, რომელსაც გაწელილი, არათანაბარი, თითქოს ოდნავ ისრული ფორმა აქვს და ნატეხი ქვითა ამოყვანილი. სავარაუდოდ, ეს უსწორო ფორმა გადაკეთების შედეგია). დარბაზი პილასტრების ერთი წყვილითა და ერთი საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. კაპიტელებს ჰორიზონტალური პროფილები აქვს. დასავლეთ კედლის კუთხის პილასტრები კიდევ უფრო სადაა, ყველანაირი პროფილირების გარეშე. მარტივი ტრაპეციისებრი ფორმა აქვს აფისიდისპირა შვერილებზე არსებულ იმპოსტებსაც. კედლები უხეში, უსწორო ფორმის ქვითაა ნაგები, ქვედა რიგებში ქვა მსხვილია, ზევით – წვრილი, ნატეხი. გათლილი კვადრები მხოლოდ კონსტრუქციულ დეტალებზეა გამოყენებული. ალაგ-ალაგ ეტყობა ნალესობის კვალი. ე. თაყაიშვილის ექსპედიციის დროს აქ ქვის კანკელის ფრაგმენტები და მასიური ტრაპეზის ქვა იყო შემორჩენილი. სამხრეთ სარკმლის თავზე ინტერიერში გრეხილი ლილვებისგან შედგენილი ფრონტონისებრი თავსართია, აფსიდის სარკმელს კი ისრული ფორმა აქვს. სარკმლების წირთხლები შიგნითკენ გაგანიერებულია.
ეკლესიის ფასადებზე პერანგი მასიური ნაცრისფერი თლილი ქვებისგან შედგება. მათი ფორმა და ზომა ყოველთვის თანაბარი არაა, ალაგ-ალაგ შერეულია მოწითალო-მოვარდისფრო კვადრები. აღმოსავლეთის სარკმლის ზევით და ქვევით შერჩენილია ხაზებით პროფილირებულია ფილები – საპირის ფრაგმენტები, ასეთივე ლილვებიანი ფილა აქვს სამხრეთ სარკმელს ქვედა მხარეს. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის ბალავარზე ჩასმულია ქვა ზედ ამოკვეთილი ჯვრით. ჯვარს ქვევიდან საწინამძღვრო ჯვრის მსგავსი სახელური-სამაგრი აქვს. კარის აქეთ-იქით რელიეფური ფილებია. მარცხნივ გამოსახულია ქტიტორი გუმბათიანი ეკლესიის მოდელით ხელში, მის ზურგს უკან ორნამენტია – წრეში ჩასმული აყვავებული ჯვარი და მედალიონიდან გადმოსული რთული ფოთლოვანი დეკორი. ქტიტორის თავზე წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე“. მარჯვნივ გამოსახულია ცხენოსანი წმ. გიორგი, რომელიც დიოკლეტიანეს განგმირავს. ამ ფილაზე პირველი წარწერის გაგრძელებაა: „ნიღვარაჲ ძე საურმაგისა…წმიდაჲ გიორგი“. როგორც ჩანს, წარწერაში მოხსენიებული პირი ადგილოვრივი აზნაურია. გ. ჩუბინაშვილი რელიეფს XI ს-ის პირველი მეოთხედით ათარიღებს. დავამატებთ, რომ, ჩვენი აზრით, ახაშნის ეკლესიის რელიეფის ფოთლოვანი ორნამენტის უახლოეს პარალელს ჯაყისმანის ეკლესიის ტიმპანის დეკორი წარმოადგენს. რელიეფი, სავარაუდოდ, აქ მოგვიანებით, რაიმე სხვა, გუმბათიანი ეკლესიიდან გადმოუტანიათ, რაზეც მიუთითებს გუმბათიანი ნაგებობის მოდელი ქტიტორის ხელში.
რადგანაც საქტიტორო რელიეფი, სავარაუდოდ, სხვა ნაგებობას ეკუთვნოდა, ახაშნის ეკლესიის დასათარიღებლად მხოლოდ მის არქიტექტურული თავისებურებებს შეიძლება დავეყრდნოთ. ზოგიერთი კონსტრუქციული ელემენტის უსწორო ფორმა, სამშენებლო ტექნიკის ხასიათი, ფასადზე არსებული ჯვრის ჩაღრმავებული და დაბალი, ხისტი კვეთა, შესაძლოა, XIV-XV სს-ზე მიუთითებდეს.

+ფოტოგალერეა
  • akhasheni-church
+მეტამონაცემები