| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ძველი მუსხის ეკლესია (41°36’21.73″N 43°05’22.20″E 1038 მ) უხეშად დამუშავებული რუხი ქვითაა ნაგები. ეს მარტივი სახის დარბაზული ნაგებობაა ნახევარწრიული, სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით, დამატებითი სათავსების გარეშე. აფსიდში ორი სწორკუთხა თაღოვანი ნიში და ერთი სარკმელია. ერთი სარკმელია ასევე დასავლეთ მხარეს, ორი – სამხრეთ კედელში. სარკმლები თაღოვანი და საკმაოდ ფართოა, შიგნით გაგანიერებული წირთხლებით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს შიგნიდანაც და გარედანაც ტიმპანი აქვს. აფსიდის შვერილები საკმაოდ გამოხატულია. დარბაზის გადაწყვეტა უჩვეულოა – ის ხუთი წყვილი პილასტრითა და ხუთი საბჯენი თაღითაა დანაწევრებული. დასავლეთ მხარეს ხის პატრონიკეა მოწყობილი ხის ასასვლელი კიბით. საკურთხევლის წინ ძველი რუსული ხის კანკელია. ინტერიერში კედლები შელესილია, ნალესობა ნაწილობრივ კამარასაც ფარავს. პილასტრების კაპიტელები ოდნავ შვერილი თაროს და შეზნექილი პროფილისგან შედგება.
ფასადები საკმაოდ უხეში, წვრილი რუხი ქვითაა შემოსილი, კარგად გათლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ საკმლების და კარის გარშემო. ორფერდა გადახურვის დასავლეთ კეხზე სამრეკლოს ფანჩატურია დაშენებული. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, მასიურ, ოდნავ ნალისებურ ტიმპანში ნუსხურწარწერიანი ქვაა ჩასმული, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესიას სოფელ მუსხის მცხობრებთ აუგიათ 1836 წელს. მშენებლობას თაოსნობდა საქართველოს ეგზარქოსი ბაჟანოვი, ეკლესია აკურთხა მღვდელმა იოსებ ორბელიანმა, წარეწრა შეასრულა მღვდელმა სვიმონ ოგიაძემ: ყლვ წელსა, ენკენისთვის პირველს. | ჩვენ, ერთბაშად მუსხს მცხოვრებთა აღვაშენეთ ეკლესია | დიდის მთავარ მოწამის წმინდის გიორგის სახელსა ზ(ედ)ა, ნებ(ით)ა რუ(ს)|ითა ყ(ოვლა)დ სამღვდელოს არხიეფისკოპოსის ევგენისათა, დროსა ბა|რონ როზინის მთავარმართებლისასა და კავალერ(ო)სანისასა. ხოლო კურ|თხეულ იქმან დეკანოზის იოსებ ორბელიანოვისაგან. |მღუდელი სვიმონ [ო]გიაძე.
ეკლესიაში ინახება მრავალი არტეფაქტი – მაგ., ერთ-ერთი წიგნის მინაწერში იხსენიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე. აქ ინახება ეკლესიის მოდელის სახის საფლავის ქვა, ქვაჯვარების ბაზისები, ძველი ზარი რუსული წარწერით, საეკლესიო შესამოსელი, ხატები და სხვ.

