ზედა თმოგვი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

თმოგვის (ზედა) ეკლესია (41°24’12.51″N 43°17’16.33″E 1834 მ) XI ს-ში აგებულ სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომლის სტრუქტურაშიც, კერძოდ, ჩრდილოეთ კედელში, ჩართულია VIII-IX სს-ის შედარებით მცირე დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი. სამხრეთ მხარეს განლაგებული ერთადერთი შესასვლელი შემკულია მსხვილი გრეხილი ლილვების სწორკუთხა მოჩარჩოებით, მის ქვეშ მოცქეული ჩუქურთმიანი თაღოვანი პორტალით და რელიეფური ტიმპანით. ტიმპანის თავზე არსებულ წარწერაში მოხსენიებული არიან ბაგრატ IV და მისი დედა, დედოფალი მარიამი:
ქ~ე ჲ~სუ […] დ~ბსაო ადდ ბ~გრტ და მ~მ დდფ~ლი
`ქ(რისტ)ე, ჲ(ე)სუ [მ(ეუ)ფ(ე)ო] დ(იდე)ბ(ი)საო ადჾიჿდჾეჿ ბ(ა)გრ(ა)ტ და მ(არია)მ დ(ე)დ(ო)ფ(ა)ლი~.
წარწერა XI ს-ის 50-იანი წლებით თარიღდება. ფილები, რომელზეც ის ამოკვეთილია, ამჟამად გადანაცვლებულია და არასწორადაა ჩასმული, როგორც ჩანს, გვიანდელი გადაკეთების დროს. ტიმპანის ნახევარწრიული არის ცენტრში ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებაა მოცემული ჯვრის ზედა მკლავზე ამოკვეთილი წარწერით:
ი(ე)ს(ო) ქ(რისტ)ე.
მის აქეთ-იქით ორი ფრინველია, ერთ-ერთს ნისკარტში რტო უჭირავს. ჯვარცმულის გარშემო ასტრალური სიმბოლოები და ბოლნური ჯვარია ამოკვეთილი. მარჯვენა არეში არსებული ერისთავთ-ერისთავ ფარსმან თმოგველის წარწერა ასევე XI ს-ის შუახანებს განეკუთვნება:
ქ~ე შ~ე ს~ლი ფ
რ~ნ ე~ესჲ ჲ~ვს
ძ~სჲ ჭ~მჭ~მს~ჲ
`ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლი ფ(ა)|რ(სმა)ნ ე(რისთავთ) ე(რისთავისა)ჲ, ჲ(ო)ვ(ანე)ს | ძ(ი)ს(ა)ჲ ჭ(ი)მჭ(ი)მ(ელი)ს(ა)ჲ~.
ამავე ფასადზე არსებული სარკმლის თავსართზე კიდევ ერთი რელიეფური კომპოზიციაა: ცენტრში მოცემული ბოლნური ტიპის ჯვრის აქეთ-იქით ორი ქტიტორია წარმოდგენილი, რომლებსაც აპყრობილ ხელებში ჯვრები უჭირავთ. მათგან ერთი გრძელსამოსიანი და წვეროსანი მამაკაცია. მეორე ფიგურა საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მოკლესამოსიანი უწვერული ჭაბუკის გამოსახულებაა. აქვეა თითქმის წაშლილი წარწერა:
ქ(რისტ)ე, [შ(ეიწყალ)ე მ(ი)ქ[(აე)ლ] … [ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ?] არს(ე)ნი (ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი 2012, 57).
ეკლესიაზე კიდევ რამდენიმე მოსახსენიებელი წარწერაა:
„ა~ქმლსჲ აქ(უ)მ(ე)ლ(ი)ს(ა)ჲ~ (სამხრეთის კარის პორტალზე.
„ქ~ე შ~ე სლ~ი ატ~ნსი ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლი ა(ნ)ტ(ო)ნ(ი)სი~.
ქ შ: მონა: შენი: გიგი: ე:ე: საფარაელი:მღდელი: დაიწერა ქრანიკონსა: ჩ:ღ:ოგ ქ ქჾრისტეჿ, შჾეიწყალეჿ მონა შენი გიჾორჿგი | ეე საფარჽა჻ელი | მღდელი. დაიწერა | ქრჽა჻ჾოჿნიკონსა (1773 წ.) ქ~ (სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ კიდეში).
„ქ~ე შ~ე ს~ლი ნ~შსჲ ესე კთ~ხე მ~სია|ე ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ს(უ)ლი ნ(ო)შ(აჲ)სჲ, ესე კ(უ)თხე მ(ი)სია|ე~ (აღმოსავლეთის ფასადის ჩრდილოეთ კუთხეში).
ქე: შე: სლი თა: ო ქრაო ქალი: ქ ქჾრისტჿე, შჾეიწყალჿე სჾუჿლი|თა ო|ქრჽა჻ოქ|ალი~
ქე შე სლი: ჲოაბ: ქთ ქჾრისტჿე, შჾეიწყალჿე სჾუჿლი | ჲოჽა჻ბჾისიჿ, ქ(რონიკონსა) ტ (9) (1312+9=1321).

სამხრეთ ფასადის კარნიზის ქვემოთ ამოკვეთილი მზის სააათის სხივებზე მოცემულია ანბანის პირველი 12 ასო.
ნაგებობის ფასადები კარგად გათლილი ქვის მონაცრისფრო-ქვიშისფერი მსხვილი კვადრებითაა შემოსილი, გადახურულია ლორფინით. სამხრეთის ფასადი გამოირჩევა თავისი დეკორატიული სიმდიდრით – მასზე მოცემულია კარის ჩუქურთმიანი პორტალი, რელიეფური კომპოზიციები ტიმპანსა და სარკმლის თავსართზე, მზის საათი. კარის პორტალი ფასადის ცენტრში არაა განლაგებული, არამედ დასავლეთიკენაა გაწეული და თითქოს ზედმეტად მასიური და ძლიერ შვერილია ამ ნაგებობისთვის. მეტიც – პორტალი ფასადის ზედა საზღვარს არღვევს და კარნიზის ხაზის ზევითაა გასული, აქ სახურავიც საფეხურისებრ ამაღლებას ქმნის. ამ საფეხურზე დაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო. მისი ქვედა იარუსი ოთხსვეტიანი გახსნილი ფანჩატურის სახისაა, მეორე იარუსი კუბური ფორმის მოცულობას წარმოადგენს. სამრეკლო გვიანდელი, სავარუდოდ, XIX ს-ის, გადაკეთებისას დროსაა აგებული. ამავე დროს უნდა შეელესათ ეკლესიის ინტერიერიც. სამხრეთის ფასადზე გაჭრილი სარკმელი კარის პორტალის მარჯვნივ მდებარეობს. აღმოსავლეთის ფასადზე ორი ღრმა სამკუთხა ნიშია. აქ მოცემულია ტრადიციული სამსარკმლიანი კომპოზიცია, სადაც ცენტრალური სარკმელი ნიშებს შორისაა განლაგებული და საკურთხეველს ანათებს, ხოლო გვერდითა სარკმლები – გვერდითა ნავებში გამოყოფილ პასტოფორიუმებს. საკურთხევლის სარკმელს სწორკუთხა მოჩარჩოება და სადა საპირე აქვს, გვერდით სარკმლებს – ლილვებისგან შემდგარი თაღოვანი მოჩარჩოება და გადანაკეცებიანი თავსართები. ქვედა სახრეთ კუთხეში ჩასმულია ქვა 1773 წლით დათარიღებული სტილიზებული ასომთავრული წარწერით, რომელშიც მოიხსენიება საფარელი მღვდელი გიორგი. წარწერიდან ვიგებთ, რომ ამ პერიოდისთვის საფარის მონასტერი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა.
დასავლეთის ფასადი აბსოლუტურად მოურთავია, მხოლოდ ცენტრში, ფრონტონის ქვეშ არსებულ სარკმელს აქვს თაღოვანი ფორმის სადა მოჩარჩოება. ჩრდილოეთის ფასადი სადაა, მასზე მხოლოდ ერთი სარკმლის სწორკუთხა ღიობია ყველანაირი მორთულობის გარეშე. ფასადის ცენტრალურ სეგმენტზე მკაფიოდ გამოირჩევა ძველი დარბაზული ეკლესიის კედელი, რომელიც უხეშად დამუშავებული, შედარებით წვრილი ქვითაა ნაგები, მაშინ როდესაც XI ს-ის სამშენებლო ფენას მსხვილი, კარგად გათლილი ქვა ახასიათებს. ეკლესიას მკაფიოდ გამოკვეთილი ბაზილიკური ჭრილი გააჩნია.
ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომლის ნავები ორი წყვილი ბურჯს და სამი თაღის საშუალებითაა დაყოფილი. ცენტრალური ნავი გვერდითებზე მაღალია, ყველა ნავს საკუთარი გადახურვა აქვს. აფსიდი ღრმა ნახევარწრიული ფორმისაა, პასტოფორიუმებს საკუთარი მცირე აფსიდები აქვს. აქედან ჩრდილოეთის სათავსი საკურთხეველსაც უკავშირდება კარით და გვერდითა ნავსაც, სამხრეთის სათავსი კი – მხოლოდ გვერდითა ნავს. აფსიდიპირა თაღს, ბემის კამარას, ნავების გამყოფ თაღებს ოდნავ ისრული ფორმა აქვს, რაც გადაკეთების შედეგი უნდა იყოს. სქელი ნალესობა ფარავს კედლებს, ბურჯებს და კამარების ზედაპირებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს განლაგებულ თითო სარკმელს აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი, თვალშისაცემია ცვლილებები ჩრდილოეთ კედელზეც, სადაც თაღედი გადაკეთებული და ამაღლებულია.
ზედა თმოგვის მიდამოებში რამდენიმე ქვასვეტის ფრაგმენტია დაფიქსირებული ზედა თმოგვის დიდი სტელა ნასოფლარ თმოგვიდან 200-ოდე მეტრში მდებარეობს (41°24’14.87″N 43°17’36.67″E 1821 მ). თითქმის 2 მეტრის სიმაღლის სტელა ამჟამად ორადაა გადატეხილი. სახეზეა ასევე დაახლოებით 70 სმ წიბოს მქონე კუბური მოცულობის ბაზისი. ზედა თმოგვის რელიეფური სტელა (VII ს.) ადრექრისტიანული ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშია. ბაზისის ოთხივე წახნაგზე გამოსახულია მედალიონები ბოლნური ჯვრებით. სვეტი ოთხწახნაგაა, მომრგვალებული წიბოები და ვერტიკალური პროფილები კუთხეებზე პატარა პილასტრების იმიტაციას ქმნის. სვეტის დასავლეთის წახნაგზე, ქვევიდან ზევით შემდეგი გამოსახულებებია ამოკვეთილი: 1. ერთმანეთის თავზე ვერტიკალურად განლაგებული ორი შტანდარტი წრეში ჩასმული ბოლნური ჯვრებით, საიდანაც მაზდეანური წასაკრავი ბაფთების ბოლოები გამოდის. 2. დანიელი ლომთა ხაროში ჯვრით მკერდთან მიტანილ ხელებში, ხოლო ლომი გამოსახულია მის ფეხებთან ვერტიკალურად. 3. კიდევ ერთი შტანდარტი ბოლნური ჯვრით. გვერდითა წახნაგებს ვაზის ყლორტები და მტევნები ამკობს. კიდევ ერთი შუა საუკუნეების ქვასვეტი (VI-VII სს. ) ნასოფლარის მახლობლად, ჩრდილოეთის მიმართულებით, მდებარეობს (41°24’23.23″N 43°17’18.25″E 1874 მ). კუბურ ბაზისზე პირის მხარეს მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვარია გამოსახული. ზედა ნაწილში, გვერდითა წახნაგებზე, ქართული ქვასვეტებისთვის ტრადიციული დეკორატიული დაგვირგვინებაა მოცემული – ორ რიგად განლაგებული პატარა ნალისებრი თაღედი. ნასოფლარის სამხრეთით კიდევ ერთი ქვაჯვარის ფრაგმენტია (41°24’5.31″N 43°17’19.88″E 1860 მ) შემონახული (სავარაუდოდ, IX ს-ის), მის მორთულობას მხოლოდ ერთი ჯვრის გამოსახულება წარმოადგენს.

+ფოტოგალერეა
  • zeda-tmogvi
+მეტამონაცემები