საროს მთავარანგელოზთა

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. საროს მთავარანგელოზთა დასის ეკლესია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. საროში მდებარეობს. მისი ზომებია 11,9 მ X 14,1 მ. ნაგებობა, სავარაუდოდ, VII-VIII სს-ის პერიოდისაა, თუმცა ნათლად ეტყობა XIX ს-ის გადაკეთების კვალი – მაგ., საბჯენი თაღების გარეშე აღდგენილი ნახევარწრიული კამარა ან დარბაზის დასავლეთ მხარეს გაჭრილი ფართო თაღოვანი შესასვლელი. ე. თაყაიშვილის ექსპედიციის დროს ეკლესიას კრამიტის გადახურვა ჰქონდა, იგივეს ადასტურებს გ. ბოჭორიძეც. ე. თაყაიშვილის მიხედვით, დარბაზულ ეკლესიას მინაშენები ჰქონდა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სინამდვილეში საროს ეკლესიას სამივე მხრიდან ჰქონდა დამატებითი მოცულობები – ჩრდილოეთიდან იზოლირებული ეკვდერი, რომელიც დარბაზზე გაცილებით მოკლეა და საკუთარი მცირე აფსიდი აქვს, დასავლეთიდან ნარტექსი და სამხრეთიდან სტოა, რომელსაც, შესაძლებელია, სანათლავის ფუნქციას ჰქონდა (აქ სამხრეთ კედელზე მიდგმული ემბაზი ფიქსირდება). გრძივი კედელი ეკლესიასა და სტოას შორის გახსნილია სვეტზე გადაყვანილი ორი ფართო თაღით, თავად სტოას სამხრეთ კედელშიც მასიურ დაბალ სვეტზე და ასეთივე მასიურ დორიულისმაგვარ კაპიტელზე დაყრდნობილი ორთაღიანი შესასვლელია. თაღები ამჟამად ამოშენებულია. კაპიტელის ტრაპეციის ფორმის მძლავრი ექინი მორთულია ორი ფოთლისებრი დეკორატიული დეტალით, აბაკა კი – ვერტიკალური ღარების მწკრივით. კაპიტელის თავზე არსებული„ თაღების შესაყარი იმპოსტი გაფორმებულია ჰორიზონტალური პროფილებით და ბურთულების რიგით. ასეთივე წრიული დეკორი მიუყვება მარცხენა თაღის ქვეშ არსებული მრგვალი სარკმლის გადანაკეცებიან თავსართს. სავარაუდოდ, ეს თავსართი ადგილნაცვალია – ის თავდაპირველად დარბაზის მაღალ სარკმელს ამკობდა. სტოას შესასვლელი თაღების ქვედა კიდეც მსგავსი წვრილი „მძივებითაა“ შემკული. ეს თაღები ორსაფეხურიანია, თუმცა ამჟამად უკანა საფეხური გვიანდელ ამოშენებულ კედელში და ნალესობაშია ჩაძირული. თაღების გვერდითა ქუსლებს ასევე მასიური, მაგრამ უდეკორო, სადა, ტრაპეციისებრი ფორმა აქვს, კედლის მონაკვეთი მათ ქვეშ ძალზე მსხვილი ქვითაა გამოყვანილი. ინტერიერში სტოა აღმოსავლეთიდან სწორი კედლით სრულდება, მაგრამ მის წინ ხარისხია, რომელიც აღმოსავლეთის მონაკვეთს გამოყოფს დანარჩენი სივრციდან – სწორედ ამ მონაკვეთის სამხრეთ კედლეთანაა ემბაზი, და, სავარაუდოდ, ეს სივრცე ბაპტისტერიუმს წარმოადგენდა, როგორც ეს ფიქსირდება ბოლნისის სიონსა და ჟალეთის ტაძრებში.
ნარტექსს ცალქანობა სახურავი აქვს. მისი შესასვლელი კარი სწორკუთხაა, მაგრამ თავზე შვერილი და მსხვილი გადანაკეცებიანი თავსართი აქვს. თავსართზე წნული ორნამენტი და ლილვებია ამოკვეთილი. კარის თავზე ნახევარწრიული არე ჩაწეულია კედლის სიბრტყიდან, თითქოს აქ თავდაპირველად ლუნეტი ან ტიმპანი იყო. ნარტექსიდან ეკლესიის დარბაზში გამავალი კარი, როგორც ვთქვით, ამჟამად ძალზე გაგანიერებულია და თაღითაა გადახურული, თავდაპირველად ის, სავარაუდოდ, უფრო მცირე იყო. XIX ს-ის გადაკეთებას განეკუთვნება ასევე ნარტექსის სახურავზე აღმართული სამრეკლო. სამრეკლო ბაზალტის ოთხ სწორკუთხა სვეტზე დაბჯენილ ფანჩატურს წარმოადგენ. სვეტებს მასიური კვადრატული ბაზისები და ოქტოგონალური კაპიტელები აქვს. სამრეკლოს ზედა იარუსი აგურის კუბური მოცულობისა და მაღალი პირამიდული სახურავისაგან შედგება.
ეკლესიის კორპუსი მაღალი ფრონტონით და მარტივი კარნიზითაა დაგვირგვინებული. მის ქვეშ მაღალი სარკმელია, რომელიც მოგვიანებით გაუგანიერებიათ, სარკმლის თავზე შემორჩენილია გადანაკეცებიანი სადა თავსართი. კეხის ქვეშ დიდი რელიეფური ჯვარია. კიდევ ერთი თავსართი ტაძრის გალავანთან დევს, სავარაუდოდ, ის საკურთხევლის სარკმელს უნდა ეკუთვნოდეს (დარბაზს სამი სარკმელი ანათებდა – აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან, სამივე მათგანი დღეს გადაკეთებულია). ფასადები ირეგულარული ფორმის ქვის კვადრებითაა ნაგები და მოგვიანებით კირითაა შეთეთრებული.
საროს ეკლესიის დარბაზი პილასტრების ორი წყვილითაა დანაწევრებული, კიდევ ერთი, აფსიდის წინ გაჭრილი კარი მას ჩრდილოეთის ეკვდერთან აკავშირებს. მხატვრული თავისებურებების მიხედვით, ნაგებობა კლასიკური და გარდამავალი ხანის მიჯნაზე, უფრო მეტი ალბათობით, VII-VIII სს-ში უნდა იყოს აგებული და მის უახლოეს ანალოგია ალანძიის ეკლესია უნდა წარმოადგენდეს. მთავარანგელოზთა ეკლესიის მახლობლად განირჩევა მარტივი დარბაზული ეკლესიის ნაშთები თითქმის გეგმის დონეზე. სავარაუდოდ, მასში შესასვლელი დასავლეთიდან იყო.

+ფოტოგალერეა
  • saro-mtavarangelozta
+მეტამონაცემები