ვერან დადეში

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ვერან დადეშის ეკლესია (41°31’43.52″N 43°13’16.48″E 1549 მ) გალავნითაა გარშემორტყმული. დარბაზული ნაგებობისგან დარჩენილია გარე პერიმეტრის კედლების ხაზი. კამარა ჩამოქცეულია. დარბაზი მარტივი, კვარდატთან მოახლოებული, ფორმისაა, აფსიდი წაგრძელებულია, ერთი სარკმლითა და ერთი თაღოვანი სწორკუთხა კვეთის ნიშით. აფსიდის შვერილები მარტივი ფორმის და ძლიერ გამოხატულია. შვერილები მასიური, კარგად დამუშავებული ქვითაა ნაგები, მაშინ როდესაც კედლების წყობა შედარებით ირეგულარული, წვრილი კვადრებისგან შედგება. ფასადებზე უკეთ გათლილი მსხვილი ქვითაა გამოყვანილი კუთხეები და კარ-სარკმელთა მოჩარჩოება. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სამხრეთიდან, როგორც ჩანს, კიდევ ერთი სარკმელი იყო. ნაგებობას აქვს საკმაოდ მასშტაბური მინაშენი დასავლეთიდან, საკუთარი, მაგრამ უშუალოდ ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიდგმული კედლით. მინაშენიც დანგრეულია, მაგრამ ეკლესიას მიბჯენილი კედლის ზედა შვერილის მიხედვით ჩანს, რომ ეს დამატებითი სივრცე ეკლესიაზე დაბალი იყო. დასავლეთის მინაშენი გახსნილია სამხრეთ მხარეს არსებულ მინაშენში და ორმხრივ გარშემოსავლელს ქმნის ეკლესიის გარშემო. სამწუხაროდ, სამხრეთი მინაშენის სამხრეთის კედელი დანგრეულია და შეუძლებელია იმის თქმა, მთლიანად გასდევდა ის ეკლესიის გრძივ ფასადს თუ არა და როგორი სიმაღლე ან დაბოლოება ჰქონდა. ძეგლი XV ს-ით თარიღდება.
ეკლესიის კარი (დასავლეთ მხარეს) შიგნიდან გადახურულია მასიური არქიტრავით, რომელზეც მედალიონში ჩასმული ჯვრებია ამოკვეთილი. ქვას წვრილი სამკუთხედებისგან შედგენილი გეომეტრიული ორნამენტის ზოლები მიუყვება, რომლებიც თავისი სტილით ხეზე კვეთილობის მსგავსია. მთლიანად არქიტრავი ტრადიციულ ხალხურ არქიტექტურაში გავრცელებულ ბუხრისთავებს მოგვაგონებს. ეკლესიის ინტერიერში დევს ფილა ზედ ამოკვეთილი ჯვრით და რამდენიმე გრაფემით, მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება ძველი საფლავის ქვები.

+ფოტოგალერეა
  • veran-dadeshi
+მეტამონაცემები