ლექსორი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ადრე აქ დიდი ლავრა ყოფილა. ექ. თაყაიშვილის დროს არსებული ექვსი ეკლესიიდან სამიღაა შემორჩენილი. ორი დარბაზული და ერთიც „თავი ეკლესია”, როგორც მას ექ. თაყაიშვილი უწოდებს.

მთავარი ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა, საკმაოდ დიდი ზომის, აღმოსავლეთით სწორკუთხა შვერილი აფსიდით. აღმოსავლეთიდან დგას სუბსტრუქციაზე, რომელსაც დიდი ქვის ლოდები კონტრფორსებივით უდევს. სამშენებლოდ საშუალო ზომის ქვა გამოიყენება, სწორად დაწყობილ მწკრივებს შუა დუღაბი მოსჩანს. აღმოსავლეთი ფასადი უფო დიდი და კარგად გათლილი ქვებითაა აგებული. გეგმით ჰგავს სამეკლესიან ბაზილიკას, აფსიდი ღრმაა და ნალისებრი, ოდნავ უფორმოც, ერთი საკმლით. შემორჩენილია მაღალი საკურთხევლის დიდი ფრაგმენტი. შენობის გეგმარება, სამშენებლო ხარისხი და არქაული ფორმები გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია შეიძლება VIII-IX საუკუნეებს მივაკუთვნოთ. ექ. თაყაიშვილის მიერ ნანახი მხატვრობა და წარწერები შემორჩენილი აღარაა.

დიდი ეკლესიის ქვევით, კლდის ქიმზე მინიატურული ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევია, რომელიც თითქმის დანგრეულია და მისასვლელი გზაც მოშლილია.

დიდი ეკლესიის სამხრეთით, ოდნავ მოშორებით, სავარაუდოდ X საუკუნის, შედარებით უკეთ შემორჩენილი დარბაზული ეკლესიაა. ეს ტაძარიც ჩრდილო-აღმოსავლეთით პირდაპირ კლდის პირასაა გადაკიდული, ისე რომ მისი გარს შემოვლა შეუძლებელია, რამაც განაპირობა კიდეც, ის რომ ამ მხარეებზე საფასადო წყობისაგან ეკლესია გაძარცვული არაა. ნაგებია გლუვად ნათალი მოყვითალო ქვებით, რომლებიც სწორ რიგებადაა დაწყობილი. ტაძარში ერთი შესასვლელია, სამხრეთით და ერთი სარკმელი აღმოსავლეთით. დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები ყრუა. ინტერიერში არც პილასტრია, არც თაღი ყოფილა გადაკიდული კამარის დასაყრდნობად. პერანგის ქვა აქაც სუფთადაა ნათალი, საკურთხევლის გაფორმების მიზნით კონტრასტული ყვითლი და ნაცრისფერი ქვები გამოიყენება. საკურთხეველში სარკმლის ორსავ მხარეს არის ნიშები.

მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია კიდევ ერთი დიდი და გრძელი შენობის ნაშთი. როგორც ჩანს, ეს საცხოვრებელი ან რაიმე სხვა დანიშნულების სამონასტრო ნაგებობა იყო.

+მეტამონაცემები