| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
დარბაზული ეკლესია (ზომები – 5.22 მ X 3.45 მ) მარტივი ფორმის მცირე ნაგებობას წარმოადგენს, რომლის სტრუქტურა არაა გართულებული რაიმე ტიპის მინაშენით (სტოა, კაბიბჭე და ა. შ). ერთადერთი შესავლელი დასავლეთიდანაა გაჭრილი, ამ კარის თავზე პატარა წრიული, ხვრელისმაგვარი სარკმელია. აფსიდში ერთი მაღალი შიდა მხრისკენ გაფართოვებული, თაღოვანი სარკმელია. აფსიდი ღრმა, ცენტრში ოდნავ გაზნექილი მოყვანილობისაა. აფსიდისპირა თაღი მასიურია, ნახევარწიული ფორმის, მსხვილი ბლოკებით აგებული, რომელიც ასევე მასიურ აფსიდისპირა პილასტრებს ეყრდნობა. შვერილების სვეტისთავები ბრტყელი ფილითა და წრეთარგითაა გამოყვანილი. გრძივი კედლები მასიური, კარგად გათლილი და ერთმანეთზე მორგებული კვადრებითაა ნაგები, კედლებს თავზე მიუყვება კარნიზის წყობის გამოკვეთილი ჰორიზონტალები. ჩრდილოეთის კედელზე, კარნიზის თავზე, კამარის დასაწყისში, ჩუქურთმის ზოლია. ნაგებობის მცირე ზომების გამო გვერდითა კედლებს არ აქვს დამანაწევრებელი პილასტრები, შესაბამისად , კამარას არ გააჩნია საბჯენი თაღი. როგორც ჩანს, თავდაპირველი გადახურვა მთლიანად ჩამოქცეული იყო და ამჟამად არსებული ნატეხი ქვისა და ცემენტის კამარა მოგვიანოა. კამარა არასწორი ფორმისაა, ის ოდნავ მაღლდება დასავლეთის მხარეს. კონქის ძალზე მასიური, მაგრამ ირეგულარული ქვების წყობა მთლიანად თავდაპირველი ჩანს. დასავლეთის კედელს კამარა მასიური დაკიდებული თაღით ებჯინება. თაღის ქუსლები გაფორმებულია მოგრძო, „ცრემლისებრი“ პლასტიკურად დამუშავებული კაპიტელებით: ორი მსხილი ლილვი და ქვემოთ კიდევ ერთი ლილვი, რომელიც ჩაღრმავებულ ფორმას ქმნის. დასავლეთ მხარეს გაჭრილი მრგვალი სარკმელის წირთხლები ინტერიერის მხარესაა დახრილი, სარკმელი მნიშვნელოვნად „ფართოვდება“, მაგრამ შიგნიდან თაღოვან ფორმას ქმნის, რომელიც ძალზე მასიური, მომრგვალებულად გათლილი ბლოკებითაა გამოყვანილი.
ეკლესიის პერანგი კარგად დამუშავებული რუხი ბაზალტისაა. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. აფსიდის შვერილი ჩაწერილია აღმოსავლეთის კედლის ხაზში. ამ მხარეს მხოლოდ ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია ორმაგი ჩაკვეთილი ხაზით შექმნილ სადა მოჩარჩოებაში. მოჩარჩოება ნაწილობრივ გამონგრეულია, ზედა მარცხენა კუთხის თავზე ოდნავ განირჩევა მრგვალი ფორმა (დეკორატიული მედალიონის კვალი?) . აბსოლუტურად სადაა ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადები. დასავლეთით შესასვლელის პორტალი ასევე ორმაგი ხაზითა აქცენტირებული. ბალავრის თავზე ჯვრის გამოსახულებაა. ეკლესიის დღესდღეობით შემორჩენილი ერთადერთი ჩუქურთმიანი დეტალი დასავლეთის სარკმლის მრგვალი საპირეა, რომელიც შექმნილია ლილვებით და წნული ორნამენტით. საკმაოდ ვიწრო კარი, ჯვარი და ლუნეტი ფასადზე ღერძულ კომპოზიციას ქმნის. სარკმლის თავზე, ოდნავ მარცხნივ, დიდ ფილაზე ამოკვეთილია კიდევ ერთი პატარა გოლგოთას ჯვარი და სამსტრიქონიანი ნუსხანარევი ასომთავრული წარწერაა, რომელსაც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ჴ-ჴჲ სს-ით ვათარიღებთ. წარწერა ასე იკითხება:
… —ასშნბელი მ~ნ შმოწრა
-ნ ღნ
`… [ოქ(რ)ო] | ას(ა)შჾეჿნ(ე)ბელი მ(ა)ნ შ(ე)მოწ(ი)რა, | [შ](ეუნვე)ნ ღ(მერთმა)ნ~.
ეს ფრაგმენტი დიდი წარწერის ნაწილია და გადმოტანილია სხვა ეკლესიიდან. თუ გავითვალიწინებთ შოშხოთის ეკლესიის სიახლოვეს ზარზმის მონასტერთან, არ არის გამორიცხული, რომ ეს ქვა შოშხოთის ეკლესიაში სწორედ ზარზმიდან იყოს გადმოტანილი.
დარბაზული ეკლესიის არქიტექტურული თავისებურებანი, ორნამენტის კვეთის ხასიათი და სხვა დეტალები XIV ს-ზე მიუთითებს.

