შოყას ეკლესია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. შოყასთან არსებული ეკლესიის ნანგრევები ოქროსციხისაკენ მიმავალ გზაზე, გორაკზე მდებარეობს (41°41’58.12″N 42°46’02.49″ E 1469 მ). დარბაზული ეკლესია ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას, მისი პერიმეტრის კედლები საკმაო სიმაღლეზეა შემორჩენილი, გამონგრეულია სამხრეთი კედლის ცენტრალური მონაკვეთი, საიდანაც იყო ეკლესიაში შესასვლელი, ჩამოქცეულია კამარა, ფასადების პერანგის წყობა მთლიანად ჩამოცვენილია და ბევრი კვადრი ირგვლივ ყრია მიწაზე. ეს კვარდები და კედლის ბირთვზე შერჩენილი ბუდეები მოწმობს, რომ ეკლესია მასიური ქვით იყო ნაშენი. ნაგებობას თითო სარკმელი ჰქონდა დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს. საკურთხევლის წინ დგას ტრაპეზის ქვა. ნახევარწრიული აფსიდი გარე კედლების სწორკუთხედშია ჩაწერილი, აქვს ერთი ნიში. აფსიდზე და კონქზე შიგნიდან შემორჩენილია მოპირკეთების წყობა. მასში ჩატანებულია კერამიკული ჭურჭელი. რამდენიმე ბლოკი შემორჩენილია ასევე გრძივი კედლების კარნიზის დონეზე, კამარის დასაწყისში. საკურთხევლის მაღალი სარკმელი მომრგვალებულად გამოთლილი ქვითაა გადახურული. დასავლეთის სარკმელი ასევე მაღალი, თაღოვანია. ეკლესიის მიმდებარედ არსებული ქვებიდან აღსანიშნავია აღმოსავლეთის სარკმლის სწორკუთხა მოჩარჩოების ფრაგმენტი, რომელიც უჩუქურთმოა და გარე ლილვისა და შიდა ხაზოვანი ჩარჩოსაგან შედგება. ფასადზე მკაფიოდ განირჩევა ადგილი, საიდანაც ჩამოვარდნილია ეს ფრაგმენტი. დასავლეთის სარკმლის თავსართიც აქვე დევს: ესაა კომპოზიცია, რომელზეც გამოსახულია ვოლუტებით შემკულ კვარცხლბეკზე მდგომი ჯვარი. ჯვარს თავზე თაღოვანი მოჩარჩოება მიუყვება, რომლის ბოლოები გაშლილი ფრთებისმაგვარი დეკორითაა გაფორმებული, ხოლო ზევით კიდევ ერთი მომცრო ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, კარგად იკითხება ამ ფილის ბუდე. არქიტექტურული თავსებურებების, სამშენებლო ტექნიკის და დეკორატიული გაფორმების მიხედვით ეკლესია IX-X სს-ში უნდა იყოს აგებული.

+ფოტოგალერეა
  • shokha-church
+მეტამონაცემები