შალოშეთის ღვთისმშობელი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ნასოფლარ შალოშეთის ეკლესია ამავე სახელწოდების მდინარის ხევის პირას, ალანძიიდან ბუზმარეთისკენ მიმავალ გზაზეა აგებული. დარბაზულ ეკლესიას მოგვიანო მინაშენები აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ისევე, როგორც ალანძიის ან ხვილიშას ეკლესიები, შალოშეთის ეკლესია ნაგებია ოდნავ არათანაბარი ზომის, პირმოსწორებული, უხეშად დამუშავეული კვადრებით და კედლის წყობა ცხოველხატულ შთაბეჭდილებას ახდენს. როგორც ბევრ სხვა სამცხე-ჯავახურ ძეგლში, აქაც შენობის კუთხეები ძალზე მასიური, უფრო საგულდაგულოდ დამუშავებული ქვითაა გამოყვანილი. მინაშენები დარბაზზე გაცილებით დაბალია, რითაც შექმნილია ამ ხუროთმოძღვრული სკოლის მრავალი დარბაზული ეკლესიისთვის დამახასითებელი გარე მასათა საფეხურისებრი განაწილება. ამჟამად მინაშენები საკმაოდ დაზიანებულია, დარბაზს კი კამარა აქვს ჩამოქცეული.
ეკლესიას შესასვლელი კარი სამხრეთიდან აქვს, აქედან მინაშენში შეიძლება მოხვედრა. კარი პირდაპირ დარბაზის გრძივი კედლის დამანაწევრებელ პილასტრს ებჯინება და არქიტარვითაა გადახურული. დარბაზს ერთი წყვილი ერთსაფეხურიანი მარტივი პილასტრი ანაწევრებს ორ თანაბარ მონაკვეთად. მათი კაპიტელები ასევე მარტივი ტრაპეციისებრია ვიწრო თაროთი. კარგადაა შემონახული აფსიდისპირა პილასტრები და მასიური ტრიუმფალური თაღის მარცხენა მხარე, რომლის ფრაგმენტში აშკარად იკითხება მისი ნალისებრი ფორმა. კონქი თითქმის ჩამოქცეულია, აფსიდის მოხაზულობა ნახევარწრიულია და გეგმის სწორკუთხედშია ჩაწერილი. კედლის უხეში წყობისგან განსხვავებით (ინტერიერში რიყის და ფლეთილი ქვაა გამოყენებული) კონსტრუქციული ელემენტები (პილასტრები, თაღები) სუფთად გათლილი მასიური ქვითაა ნაგები. დარბაზის კამარა ასევე წვრილი ქვისაა, თუმცა მისგან მხოლოდ ფრგამენტებიღა შემორჩა. დარბაზს ორი სარკმელი აქვს – აფსიდში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. ორივეს შიგნიდან სწორკუთხა და გარედან თაღოვანი ფორმა აქვს. ეკლესიის შიდა სივრცე საკმაოდ მაღალი და თავისუფალია, სრულიად სადა, დეკორი არსად არაა გამოყენებული.
სამხრეთიდან ეკლესიას სტოა აქვს, რომელსაც ორთაღიანი ღია შესავლელი ჰქონდა, თუმცა ამჟამად ეს კედელი გამორღვეულია და სტოას სახურავი მიწითა და მცენარეებითაა დაფარული. შერჩენილია ერთი თაღის ფრაგმენტი და სვეტის ნატეხი, რომელიც მოგვანო რესტავრაციისას წყობაში ჩაუტანებიათ. სტოას აღმოსავლეთი მონაკვეთი იზოლირებულია, როგორც ალანძიის ან საროს ეკლესიების სტოაში და, შესაძლებელია, ისიც სანათლავის ფუნქციას ასრულებდა. ჰიპოთეტურ სანათლავს აღმოსავლეთიდან სწორი კედელი აქვს და მასში ერთი სარკმელია გაჭრილი. სტოას კამარა უსწორო ფორმისაა, ოდნავ კონუსისებრი, რაც, სავარაუდოდ, გადაკეთებების შედეგია.
დასავლეთის მინაშენი კიდევ უფრო დაზიანებულია. მის კედელზე განთავსბულ ქვის ფილაზე წარწერაა ამოკვეთილი:
მე ამბროსნ
აღვშნე:. წ~ჲ.
ესე ეკუდრი:.
ს~მკდრბლდ
— მიცვლბთა
`მე, ამბროსჾმაჿნ | აღვჾაჿშჾეჿნე წ(მიდა)ჲ | ესე უკუდჾეჿრი | ს(ა)მკ(Â)დრ(ე)ბლ(ა)დ [ჩ(ემ)თა] მიცვჾაჿლჾეჿბჾულჿთა~
ვ. სილოგავა წარწერას XV-XVI სს-ით ათარიღებს. შესაძლებელია, დასავლეთის მინაშენი სწორედ ამ ეპოქაში აიგო ან აღადგინეს. ამ მინაშენსაც ერთი კარი ჰქონდა, რომელიც ახლა ამოშენებულია, მაგრამ კედლის წყობაში კარგად განირჩევა უზარმაზარი არქიტრავი და მასიური წირთხლები.
ეკლესიის ფასადები ძალზე სადაა. აღმოსავლეთის სარკმელს აქვს გადანაკეცებიანი თავსართი სამი მორკალული ხაზით. ასეთი სამმაგი წარბი დამახისათებელია გარდამავალი ხანის ძეგლებისთვის (სნეკვი, არბო). სამხრეთის სარკმელს ნახევარწრიული, ქვევიდან პატარა თაღებით დატალღული თავსართი აქვს, რომელიც ალანძიის და წირქოლის ეკლესიების თავსართების მსგავსია, რის საფუძველზეც ძეგლი, მეტი ალბათობით, IX ს-ის შუახანებით თარიღდება

+ფოტოგალერეა
  • shalosheti-church
+მეტამონაცემები