| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ნასოფლარ ორცეფის ეკლესია (41°32’53.19″N 43°05’45.78″E 1435 მ) მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს. ძეგლი ფიქსირდება დ. ბერძენიშვილის ფოტოარქივში.
ორცეფის ეკელსიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან მინაშენები აქვს, რომლებიც ორმხრივ გარშემოსავლელს ქმნის. დარბაზი ერთი წყვილი მარტივი პილასტრითაა დანაწევრებული, აფსიდი ნახევარწრიულია, გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილი, მკაფიოდ გამოკვეთილი აფსიდისპირა შვერილებით და ერთი მაღალი თაღოვანი სარკმლით. აფსიდისპირა შვერილები დაგვირგვინებულია ტრაპეციისებრი კაპიტელებით ზემოდან დადებული ბრტყელი ფილით. დამატებითი სათავსები არაა. კამარა ჩამოქცეულია. დარბაზში ორი შესასვლელია სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივე მინაშენებში გადის. სამხრეთის ეკვდერის ნაწილი დანგრეულია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს მხარე დარბაზის დონეზე დაბლა იყო განლაგებული. ამასთან, სათავსს არ აქვს აფსიდი, ის სწორკუთხა კედლით ბოლოვდება აღმოსავლეთიდან. სივრცე გადახურული იყო კამარით, რომელსაც ერთი დაკიდებული საბჯენი თაღი ჰქონდა. ამ თაღის ქუსლი დღესაცაა შემორჩენილი ჩრდილოეთის, მთავარი დარბაზის მომიჯნავე, კედელზე. ქუსლი გაფორმებულია სვეტისთავის სახით, რომელიც მთავარი დარბაზის აფსიდის შვერილების კაპიტელების ანალოგიურია. ამდენად, არაა სავარუდო, რომ სამხრეთის სივრცე ეკვდერს წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ის ფართო კარით უკავშირდება დასავლეთის მინაშენს. ორივე დამატებითი სივრცე უფრო მეტად ორმხრივ გარშემოსავლელს გავს ცენტრალური დარბაზის გარშემო. დასავლეთის მინაშენიც შეუძლებელია ნარტექსი იყოს, რადგან არ აქვს შესასვლელი გარედან – ის დასავლეთიდან უწყვეტი კედლითაა შემოსაზღვრული. ამდენად, ორი მინაშენი ერთობლიობაში უფრო მეტად ორმხრივ გარშემოსავლელად გვესახება. აშკარაა, რომ გარედან შესასვლელი სამხრეთიდან იყო, გარშემოსავლელის ამჟამად დანგრეულ ნაწილში.ნაგებობის ფასადებზე პერანგი თითქმის მთლიანად შემოძარცვულია, ინტერიერში კარგად დამუშავებული ქვის წყობა მხოლოდ კამარის ფრაგმენტზე, აფსიდში და კონქშია შემორჩენილი.

