ივლიტას ეკლესია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ივლიტას ეკლესია (41°38’29.37″N 42°57’27.27″E 997 მ) აგებულია 1795 წელს. ამჟამად მიმდინარეობს მისი რესტავრაცია. კედლების ზედა ნაწილი და სახურავი განახლებულია და ხის კონსტრუქციას წარმოადგენს. ნაგებობა დარბაზულია და ბრტყელი აფსიდი აქვს. რესტავრაციისას აგებული ხის სახურავის საყრდნობად ინტერიერში გამოყენებულია ხის, ზევით მხარეს მკვეთრად გაგანიერებული, ბოძები, რომლებიც დარბაზული საცხივრისის დედაბოძის იმიტაციას წარმოადგენს. კედლები შელესილია, საკურთხევლის წინ აღმართული კანკელი თანამედროვეა. ფასადების წყობაში ჩატანებულია ძველი, ჩუქურთმიანი, ჯვრებიანი და წარეწრიანი ქვები, სარკმლის საპირის ფრაგმენტი და სხვ. საერთოდ კედლების წყობაში მრავლადაა გამოყენებული მეორადი კვადრები, რომლებიც, როგორც ჩანს, აქ მდგარი შუა საუკუნეების დანგრეული ეკლესიიდანაა. კედლების სიბრტყეებს აცოცხლებს აგურისფერი-მოვარდიფრო ტონის და რუხი ქვის მონაცვლეობა. დასავლეთ სარკმლის თავზე ჩასმულია ორი წარწერიანი ფილა, რომლებიც, სავარუდოდ, თავდაპირველად ერთიანი იყო:
…აღი[მ]ა[რთა]… (?)|2 …ადას[ე]… და …ლ… |2 …მ… [ი.
წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით X ს-ით თარიღდება.
ეკლესიის ირგვლივ ასევე მრავლად ფიქსირდება შუა საუკუნეების ეკლესიის ფრაგმენტები – მაგ., დეკორატიული კოპი, ანტეფიქსი და სხვ. აქვეა ძველი სასაფლაო, სადაც შემონახული XVIII ს-ის საფლავები. რესტავრაციის დროს მოხდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და აიგო გალავანი.

+ფოტოგალერეა
  • ivlita
+მეტამონაცემები