გავეთი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

გავეთის ეკლესია (41°21’41.88″N 43°08’35.22″E 1940 მ) საკმაოდ კარგად შემონახული დარბაზული ნაგებობაა (ზომები – 8,5 მ X 14 მ). ძეგლი აღწერილია მ. ბროსეს და ე. თაყაიშვილის მიერ და აზომილია თ. ქარუმიძის და ც. გაბაშვილის მიერ. გავეთის ეკლესიის საფუძვლიანი კვლევა ვ. ბერიძეს ეკუთვნის.
ეკლესია ნაგებია თბილი ტონის მოწითალო, კარგად დამუშავებული ქვით. მარტივი, უპასტოფორიუმებო შენობა დახვეწრილი პროპორციებით, ფასადების მონუმენტურობით და მოჩუქურთმებული კარ-სარკმელებით გამოირჩევა. დარბაზი ერთი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული. აფსიდი ნახევარწრიულია, სწორ კედელში ჩაწერილი. მასში სარკმლის აქეთ-იქით ორი ღრმა, მომრგვალებული კვეთის მაღალი ნიშია განლაგებული, სარკმლის ქვეშ კი კიდევ ერთი მცირე ნიშია. აფსიდის შვერილები ორსაფეხურიანია. შვერილების და პილასტრების კაპიტელები პროფილირებულია. შესასვლელი კარი სამხრეთ მხარეს პილასტრის მიმდებარედაა გაჭრილი, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეებზე არსებული კარები ამჟამად ამოქოლილია. ნაგებობის ოთხივე ფასადზე თითო მაღალი სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე კიდევ ორი პატარა მრგვალი სარკმელია, რომლებიც სამალავებს ანათებს. ამ სამალავებში აფსიდის ერთ-ერთი ნიშიდან, კიბით შეიძლება ასვლა.
ფასადების ფართო, მონუმენტური სიბრტყეებზე, როგორც ეს კარგადაა შენიშნული ვ. ბერიძის მიერ, კონტრასტულად, „ეულად“, ლაქების სახით გამოიყურება კარ-სარკმელთა მოჩუქურთმებული მოჩარჩოება. დასავლეთ ფასადზე, გაუქმებული კარის თავზე, კონსოლების ორი წყვილია შემორჩენილი – აქ, სავარაუდოდ, კარიბჭე იყო. კარის ბალავარზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ღერძულ კომპოზიციას აგრძელებს სარკმლის ორნამენტიანი საპირე ორმაგი ლილვების ჩარჩოში და ზედ დაფუძნებული დიდი დეკორატიული ჯვარი. აღმოსაველეთ ფასადიც მსგავსადაა გადაწყვეტილი, მხოლოდ სარკმელი ბევრად დაბლაა განლაგებული. მასაც მდიდრულად მოჩუქურთმებული ფართო საპირე აქვს, დეკორატიული ჯვარი კი საპირისგან განცალკევებულად, ბევრად მაღლა, ფრონტონის კეხქვეშ მდებარეობს. სარკმლის ქვედა მოჩარჩოებაზე ასომთავრული წარწერაა:
წ~ო გ~ი მ~რმწმო მხ
ეყვ ორთვე
შ~ა ცხრ~ბთ ფოფს
`წ(მიდა)ო გ(იორგ)ი მ(თავა)რმ(ო)წ(ა)მ(ე)ო, მჾეოჿხ | ეყჾაჿვ ორთჾაჿვე შ(ინ)ა ცხ(ოვ)რ(ე)ბ(ა)თ(ა) ფოფს~.
სამხრეთ ფასადზე კარის პორტალი და სარკმელი ასიმეტრიულადაა განლაგებული (კარი მარცხენა კიდისკენაა გაწეული). მისი პორტალი შეწყვილებულ ნახევარკოლონებზე გადაყვანილ თაღს წარმოადგენს. ნახევარკოლონების ბაზისები და კაპიტელები მდიდრულადაა დეკორირებული. ბაზისები და სვეტისთავები შეწყვილებული ბურთულების და ორნამენტიანი სარტყლებისგან შედგება. კაპიტელებზე ბრტყელი ფილებია, რომლებზეც ამოყვანილი საკმაოდ ღრმა თაღი. კარის ჩარჩო მთლიანად გეომეტრიული წნულებთაა მორთული. ტიმპანში დიდი დეკორატიული მედალიონია. პორტალის აქეთ-იქით კონსოლებია – სავარუდოდ, კარიბჭის ნაშთები. სარკმლის საპირე აქაც ფართო და მოჩუქურთმებულია. ორნამენტის რეპერტუარი ყველგან გეომეტრიული მოტივებისგან შედგება, კვეთა ხისტია. სამხრეთის კარის პორტალის, ამავე ფასადის და აღმოსავლეთის სარკმლის თაღოვანი დაბოლოებები შეისრულია – გამოყენებული ისლამური ხელოვნებისთვის დამახასიათებელი გაბერილი ისრული ფორმა. გავეთის ეკლესია XIII-XIV სს-ის მიჯნით თარიღდება.

+ფოტოგალერეა
  • gaveti
+მეტამონაცემები