ახალციხის ძველი სინაგოგა

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ქ. ახალციხის ზედა, ანუ ძველი სინაგოგა, შენობის სამხრეთ კედელზე არსებული წარწერის თანახმად, 1862 წელსაა აგებული და უადრეს სინაგოგას წარმოადგენს საქართველოში. აქ ინახება სეფერ-თორა, რომელიც, ერთ-ერთი ვარაუდით, 500 წლისაა და საქართველოში არსებულ უადრეს თორას წარმოადგენს. იქვე არსებული ებრაული სასაფლაო 400 წლისაა და 5000-ზე მეტ საფლავს შეიცავს. სინაგოგა სწორკუთხა, კვადრატს მიახლოებული ფორმის ერთსართულიანი ნაგებობაა. ინტერიერში მხოლოდ ერთი ვრცელი დარბაზია. ნაგებობა ცოკოლზე დგას, მთავარი ფასადის ცენტრში არსებული შესასვლელისკენ ქვის უმოაჯირო, ნახევარწრიული ფორმის კიბე მიემართება. კარის თავზე რკინის გრეხილიანი მარკიზია. ამ ფასადზე კარის აქეთ-იქით სიმეტრიულადაა განლაგებული ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელი ერთმანეთზე გადაბმული მარტივად პროფილირებული თავსართებით. ჰორიზონტალური პროფილი გასდევს სარკმლების ქვედა კიდეებს და გამოყოფს მთავარ იარუსს ცოკოლისაგან. ეს ჰორიზონტალური აქცენტები და სარკმლების რიტმი ქმნის ყველა ფასადის მხატვრულ სახეს (სარკმლების რაოდენობა გრძივ ფასადებზე ოთხია, მოკლე ფასადებზე – სამი და ორი). შენობა კარგად დამუშავებული ღია მონაცრისფრო ქვითაა აგებული და გარშემორტყმულია ქვის ღობით მასზე დადგმული რკინის ცხაურით. ღობეში ჩატანებულია კარიბჭე. ინტერიერი განახლებულია და მასში ხის გალერეები, კათედრა, კარადები და რიკულებია განლაგებული. ვიწრო მხარეებზე გადახურვა მომრგვალებული, ნახევარკამარების მსგავსი ფორმისაა და შემდეგ გადადის სწორ გადახურვაში.

+ფოტოგალერეა
  • akhaltsikhe-old-sinagogue
+მეტამონაცემები