| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ახალციხის ახალი, ანუ ქვედა სანაგოგა 1902 წელს აიგო. სინაგოგა ამჟამად მოქმედი არაა, წარსულში აქ კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, საბილიარდო და კრივის დარბაზი ფუნქციონირებდა. შენობა მძიმე მდგომარეობაშია, ჩამოქცეულია სახურავი, განადგურებულია იატაკი და ფანჯრები.
ახალი სინაგოგა ნეობაროკოსა და ფსევდოკლასიციზმის სტილის ნიშნებს ატარებს. შენობა ორსართულიანია, აგებულია ქუჩის დონეზე დაბლა, დამრეც რელიეფზე. მთავარ ფასადზე, შესასვლელის კარის წინ, ქვის კიბეა, კარის თავზე – ფრონტონი, აქეთ-იქით ორ-ორი ნახევარკოლონა და ორ-ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია განლაგებული. ნახევარკოლონებს ტრაპეციისებრი გაღუნული ფორმის კაპიტელები აქვს, მათზე ბერძნული დორიული ორდერის მსგავსი ფრიზი და შვერილი კარნიზია გაყოლებული. კარნიზი მთელ შენობას უვლის გარს და პირველ და მეორე სართულს მკაფიოდ გამოყოფს ერთმანეთისაგან. მთავარი ფასადის მეორე იარუსზე, კიდეებში, თითო შედარებით მომცრო, კვადრატული სარკმელია, ცენტრში ორმალიანი დეკორატიული თაღედია. სახურავი მორთულია დეკორატიული ფრონტონით და ქვის ლარნაკებიანი ბალუსტრადით.
გვერდითა ფასადის ქვედა ნაწილი რელიეფის დამრეცი ხაზითაა დაფარული. აქ პირველ იარუსზე კიდევ ერთი კარი და თაღოვან მოჩარჩოებაში მოქცეული სამი ცრუსარკმელია, მეორეზე – ორი კვადრატული სარკმელი შუაში ლუნეტით. დანარჩენი ფასადებიც ანალოგიურადაა გადაწყვეტილი. სახურავი ორქანობაა, რკინის ფურცლით დაფარული. კედლები აგებულია მაღალი ხარისხის რუხი ფერის ქვით.

