ურაველის ტრიკონქი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ურავლის ტრიკონქი სოფლის მახლობლად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდებარეობს (41°33’38.52″N 43°04’50.41″E 1221 მ). ეს ნანგრევებად ქცეული ტრიკონქის ტიპის მცირე ეკლესიაა (ზომები – 7 მ X 5 მ), რომლის გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა გარე მასებში კარგად იკითხება. აფსიდით დაბოლოებული სამივე მკლავი სწორკუთხედშია მოქცეული, დასავლეთი მკლავი ოდნავ დაგრძელებულია, საკურთხევლის აფსიდს კი მცირე ბემა აქვს. ნაგებობა ფერდობზე დგას, მისი ჩრდილოეთი მხარე კლდის ქანობისკენაა მიმართული და დაფარულია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელშია გაჭრილი, თითო მაღალი სარკმელი იყო საკურთხევლის აფსიდში, დასავლეთ და სამხრეთ მხარეს. ჩრდილოეთის აფსიდი შედარებით უსწორო მოხაზულობისაა, აღმოსავლეთის და სამხრეთისას კი ნახევარწრიული ფორმა აქვს. გუმბათი ჩამოქცეულია, დანგრეულია დასავლეთ მკლავის კამარა, ნაწილობრივ – ამ მკლავის კედლებიც, გამონგრეულია კარის ღიობი, ჩამოქცეულია საკურთხევლის კონქი. გვერდითა აფსიდები და კონქები შედარებით უკეთაა შემონახული. პერანგი ბევრგან შემოცლილია, თუმცა ადგილ-ადგილ მაინც სახეზეა მოვარდისფრო-აგურისფერი, თლილი, არც ძალზე მასიური ქვა. გუმბათქვეშა თაღები კარგად დამუშავებული, კედლის ბლოკებთან შედარებით მსხვილი კვადრებითაა გამოყვანილი, მათი შეერთების ადგილებზე მარტივი თაროსებრი ფორმის ქუსლებია. გუმბათის ყელი აფრებზეა ამოყვანილი, მისგან მხოლოდ წყობის რამდენიმე რიგია შემრჩენილი. ვ. ბერიძე აღნიშნავს მოხატულობის კვალს ეკლესიის ინტერიერში, რომელიც დღეს თითქმის აღარ განირჩევა. ფრესკების კვალი აღწერა გ. ბოჭორიძემაც: სამხრეთ სარკმლის აქეთ-იქით ფიგურების და დრაპირების ფრგამენტები იყო შემონახული. ნაგებობის შემორჩენილი ფრაგმენტების არქიტექტურული თავისებურებანი – მარტივი ტრიკონქის სახის გეგმა, მისი ე.წ . „სუფთა“ ტიპი, სამშენებლო ტექნიკის ხასიათი, აფრების გამოყენება, იმპოსტების ფორმა და სხვ. ძეგლის დაახლოებით X ს-ის მიწურულს აგებაზე მიუთითებს. ტრიკონქის ტიპი საკმაოდ გავრცელებულია სამხრეთ საქართველოს არიტექტურაში, ურავლის ტრიკონქი კი, სავარაუდოდ, ამ ჯგუფის ნიმუშების ერთ-ერთი ბოლო მაგალითია – როგორც ცნობილია, XI ს-ის შემდეგ ტრიკონქები საქართველოში აღარ იგება.

+ფოტოგალერეა
  • uraveli-triconque
+მეტამონაცემები