| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ქ. ახალციხის წმ. მარინეს საკათედრო ტაძარი (41°38’37.02″N 42°58’20.95″E 1035 მ) აგებულია XIX ს-ში. იგი მთლიანობაში იმეორებს საფარის მონასტრის მთავარი ტაძრის ფორმებს, მაგრამ არის გარკვეული განსხვავებიც. წმ. მარინეს ეკლესიის გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. ტაძრის გარე მასებიც ტრადიციულ ქართულ ჯვარგუმბათოვან ნაგებობებს მოგვაგონებს, მკაფიოდ იკითხება ორქანობა სახურავში მოქცეული მკლავების მიერ შექმნილი ჯვრული ფორმა და მკლავთაშორისი, უფრო დაბალი სეგმენტები. ოთხივე ფასადის ცენტრში მცირედ შვერილი რიზალიტებია, როგორც საფარის ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს. გუმბათის ყელი მაღალია, მასში 10 სარკმელია გაჭრილი. შენობას სამი კარი აქვს (დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით). დასავლეთ კარის წინ ფასადზე მიდგმულია კარიბჭე-სამრეკლოს პირველი, დახურული, სართული. ამ მხარეს შენობას ნარტექსიც აქვს. სამრეკლოს პირველ სართულზე დაშენებულია ორიარუსიანი ფანჩატური. გრძივ ფასადებზე სამ-სამი სიმეტრიულად განლაგებული სარკმელია თაღოვანი თავსართებით. შუა სარკმელი თაღოვანი რიზალიტის ცენტრში და უფრო მაღლაა განლაგებული, მის თავზე დეკორატიული კოპია. თაღოვანი თავსართები აქვს აგრეთვე შესასვლელებს. აღმოსავლეთ ფასადზე ცენტრალური სარკმლის აქეთ-იქით სიმეტრიულადაა განლაგებული ორი კოპი. ამ სარკმლის თავზე ჩუქურთმით და ჯვრით შემკული სწორკუთხა ქვაა ჩასმული, მასზე მოცემულია ეკლესიის აგების თარიღი – 1868 წელი, ქვემოთ მეორე თარიღიცაა – 1898 (შესაძლოა, სამრეკლოს აგების თარიღი).
ეკლესია ლათინირი ჯვრის ფორმის ტრანსეპტიან გუმბათიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტრანსეპტის და კორპუსის კვეთის ადგილზე ქართული გუმბათების მსგავსი გუმბათია აღმართული. წახნაგოვანი ფორმის გუმბათის ყელში ექვსი სარკმელია გაჭრილი, გუმბათს კონუსისებრი სახურავი აქვს. კორპუსი ერთნავიანია, გადახურულია ორქანობა ხის სახურავით (კამარა არაა გამოყენებული). ინტერიერში, გრძივ კედლებში, გაჭრილი სამ-სამი ფართო თაღოვანი სარკმელი თაღედშია მოქცეული. თაღედის მასიურ, განიერ პილასტრებს და ასევე მასიურ ტრაპეციისებრ კაპიტელებს ეყრდნობა. ტრანსეპტი ორ ბურჯზე და ტრაპეციისებრ კაპიტელებზე გადაყვანილი სამი თაღის მეშვეობით იხსნება ნავში. ტრანსეპტის მხრებში შეწყვილებული სარკმლებია დატანებული. ასეთივე სამთაღიანი სტრუქტურაა საკურთხევლის წინ, მის აქეთ-იქით პასტოფორიუმებია. ტრანსეპტის ტრიუმფალური თაღი მოხატულია ცენტრში ღვთისმშობლის გამოსახულებით, მარცხნივ – ხარების სცენით, მარჯვნივ – ანგელოზთა დასით. დეკორატიული მოხატულობაა ასევე გრძივი კედლების სარკმლების თავზე არსებულ თაღოვანი არეებში.
ეკლესიის სამხრეთ ფასადზე მიდგმულია ორიარუსიანი სამრეკლო. პირველი იარუსი ოთხმხრივ ფართო თაღებით გახსნილი კვადრატული სივრცეა, მეორე – კოლონებზე აღმართული მაღალი ფანჩატური. ეკლესიის ეზოში კათოლიკური სასაფლაო, აქვეა მრავალი ძველი საფლავის ქვა (მაგ., ვერძის ფორმის ქვები) და ი. გვარამაძის (ვინმე მესხის) საფლავი.

