| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ღართას ეკლესია (41°38’32.21″N 43°20’30.88″E 1778 მ) თავის დროზე აღწერილია ე. თაყაიშვილის და გ. ბოჭორიძის მიერ და საფუძვლიანადაა შესწავლილი ი. ელიზბარაშვილის მიერ. ნაგებობა ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. კამარები ჩამოქცეულია, მაგრამ კედლები საკმაოდ კარგადაა შემონახული. ცენტრალური ნავი ერთი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, აფსიდის შვერილები ორსაფეხურიანია, აფსიდისპირა თაღს მარტივი პროფილირებული იმპოსტები აქვს. აფსიდი ნახევარწრიულია, მასში გაჭრილი ერთი სარკმლით. კონქის დასაწყისში კედელს ჰორიზონალური პროფილი გასდევს. ერთი სარკმელია ასევე დასავლეთ მხარეს.
გვერდითა ნავი სამხრეთის მხრიდანაა, რაც შედარებით იშვიათ მოვლენაა ორნავიანი ბაზილიკების სტრუქტურაში. ასეთი ტიპის ნაგებობების უმეტესობას გვერდითა ნავი ჩრდილოეთიდან აქვს (მაგ., შალაური, ბაიხო, ბზიანა, ახმეტა, ქოჩალო, მღვიმევი, ზედა ვარძია და სხვ.). როგორც ცნობილია, ორნავიან ბაზილიკებში პასტოფორიუმის მოწყობა მხოლოდ ერთი, გვერდითა, ნავის მხრიდან შეიძლება (ზოგჯერ დამატებით სათავსებს საერთოდ არ აწყობენ, და ეს უმეტესად X ს-ის ნიმუშებითვისაა დამახასიათებელი ( მაგ., ქილდა, დვირი, საკვირიკე, ვანი). ღართას ეკლესიასაც ერთი დამატებითი სათავსი აქვს სამხრეთ მხარეს, რომელიც ღიობით უკავშირდება ცენტრალურ ნავს აფსიდის მიმდებარე მონაკვეთში. პასტოფორიუმს აფსიდი და მასში გაჭრილი ერთი სარკმელი აქვს, ის ყრუ კედლითაა გამოყოფილი გვერდითა სეგმენტის დანარჩენი სივრცისაგან. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან, გვერდითა ნავიდანაა. ეს ნავი რთული კვეთის, ჯვრულთან მიახლოებული ფორმის ბურჯით და მასზე გადაყვანილი ორი თაღითაა დაკავშირებული ცენტრალურთან. თაღები თანაბარზომიერი არაა: დასავლეთისა უფრო ფართო და მაღალია და დასავლეთ კედელს აღწევს. ბურჯი დაბალი და განიერია, მასიური ტრაპეციის ფორმის, პროფილირებული სვეტისთავით. მასზე ოთხივე მხრიდან არათანაბარი ზომის პილასტრებია მიდგმული. მსხვილი, თითქმის ბურჯის სიგანის, ნახევარპილასტრი მთავარი დარბაზის კედლის მხრიდან ზედ ბურჯის სვეტისთავს ებჯინება: ამ პილასტრზე გადაყვანილია მთავარი ნავის გვერდითა კედლის დამანაწევრებელი ორი თაღი. პილასტრს ბურჯის ანალოგიური კაპიტელი აქვს, რომელზეც ამოზრდილია კიდევ ერთი, უფრო წვრილი ნახევარპილასტრი – მას კამარის საბჯენი თაღი უჭირავს. ინტერიერი შედარებით უხეშად დამუშავებული რუხი ქვითაა ნაგები, თლილი ქვა გამოყენებულია კონსტრუქციულ ნაწილებზე. ფასადების საპერანგე წყობა ძირითადად ძალიან მასიური, კარგად გათლილი თბილი ქვიშისფერი და მოვარდისფრო ტონის კვადრებიგან შედგება. ტიპოლოგიური თავისებურებების მიხედვით, ღართას ეკლესია IX ს-ით თარიღდება. ინტერიერში ტრაპეზის ქვა, სტელების ფრაგმენტები და ორნამენტიანი და ჯვრიანი ქვებია, მსგავსი ფრაგმენტები ფიქსირდება გარეთაც.

