ღობიეთის წმ მარიამი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ღობიეთის წმ. მარიამის ეკლესია (X: 41.59 Y: 43.16, 1080 მ) გარშემოსავლელიან სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელიც, სავარაუდოდ, IX-X სს-ით შეიძლება დათარიღდეს. ნაგებობა ძლიერაა დაზიანებული, ნაწილობრივ მიწაშია ჩასული და დაფარულია მცენარეებით, ჩამოქცეულია კამარა, განადგურებულია კედლის ზედა ნაწილები და ა. შ. ცენტრალური ეკლესია ერთი წყვილი მარტივი ფორმის პილასტრით ორ ნაწილად დანაწევრებულ დარბაზს წარმოადგენს. ეს ნაწილები არათანაბარია: პილასტრები ზუსტად ერთმანეთის პირდაპირ არაა განლაგებული, სამხრეთისა გაწეულია აღმოსავლეთიკენ, შესაბამისად, საბჯენი თაღიც გადახრილია ღერძიდან. აფსიდი საკმაოდ თვალშისაცემად ნალისებრია, მასში ერთი ნიში და ერთი სარკმელია. აფსიდის შვერილები მძლავრი და ორსაფეხურიანია. მთავარი დარბაზის სამმხრივი გარშემოსავლელი ორივე კიდეში აფსიდებით ბოლოვდება. შემორჩენილი მცირე აფსიდი ჩრდილოეთის სეგმენტში ასევე ნალისებრი ფორმით გამოირჩევა. მასში სარკმელია გაჭრილი. ამ მხარეს გვერდითა ეკლესია პილასტრის ერთი წყვილით ორადაა დანაწევრებული და მისი ჩრდილოეთი ნაწილი კარით უკავშირდება ცენტრალურს. სამხრეთი სტოა-ეკლესია უფრო დიდია, ის ცენტრალური ეკლესიის მთელ სიგრძეზეა აგებული და ერთ სვეტზე გადაყვანილი ორი თაღის საშუალებითაა გახსნილი. ეს სტოა-ეკლესია კარით უკავშირდებოდა დასავლეთ მხარეს არსებულ გარშემოსავლელს, რომელიც ჩრდილოეთ მხარესაც გრძელდებოდა. ცენტრალური დარბაზის კიდევ ერთი კარი დასავლეთ მხარეს გადიოდა.
ეკლესია უხეშად დამუშავებული მასიური ქვითაა ნაგები. განსაკუთრებით დიდი კვადრებია გამოყენებული კარების ბალავარზე და თაღებზე, ასევე აფსიდის მონაკვეთში. შემორჩენილია მასიური, ხერხულა კარნიზის ფრაგმენტები. კაპიტელები სწორკუთხა და ძალზე დიდი ზომისაა. ეკლესიის ინტერიერში ფიქსირდება ქვაჯსვეტების ფრაგმენტები, რამდენიმე ქვა დეკორით და სხვ.

+ფოტოგალერეა
  • ghobieti
+მეტამონაცემები