ქვაბიჯვრის ეკლესია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ქვაბიჯვარის ნაეკლესიარი მდებარეობს სოფ. გორგულიდან რამდენიმე კილომეტრში (41°44’51.03″N 42°33’51.17″E 1385 მ). ტოპონიმის ხასიათი მიუთითებს აღმართული ჯვრის ან ეკლესიის არსებობაზე ქვაბულში, ან მდ. ქვაბლიანის ნაპირზე.
ნაეკლესიარი მდინარის ნაპირზე, მცენარეებით დაფარულ ტერიტორიაზეა განლაგებული. ნაგებობიდან მხოლოდ აფსიდის ფრაგმენტებია შემორჩენილი. აფსიდის ნახევარწრიულ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, მის აქეთ-იქით თითო წრიული და თითო თაღოვანი ნიშია, სამხრეთი მხარეს კიდევ ერთი მცირე სახატეა მოწყობილი. მთავარ დარბაზს გვერდითა სათავსებიც გააჩნდა, რომელთა ხასიათზე მსჯელობა რთულია. თითქმის მთლიანად დანგრეულ დასავლეთ კედელზე, მის ჩრდილოეთ კუთხეში, შემონახულია გვერდითა მინაშენის კამარის დასაწყისი, ამ კონსტრუქციის მასიური ფრაგმენტი აქვე გდია. ჩრდილოეთის სეგმენტიდან კიდევ ერთი მონაკვეთია შემონახული – აღმოსავლეთის კუთხეში კვარდატს მიახლოებული ფორმის უაფსიდო სავარაუდო პასტოფორიუმი, რომელიც თაღითაა გადახურული. სათავსი ცენტრალურ ნავზე გაცილებით დაბალია.
აფსიდის მარჯვნივ სახეზეა სამხრეთ მხარეს მდებარე გვერდითა სათავსში გამავალი თაღი. შესაძლებელია, ეს თაღი გვერდითი ნავის გამომყოფი თაღნარის ნაწილი იყო, ან გვერდითა სეგმენტში გამოყოფილ პასტოფორიუმში გადიოდა. ამრიგად, რთულია იმის გადაჭრით თქმა, ნაგებობა სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, თუ სამეკლესიანს, რომლის გვერდითა ეკლესიებში პასტოფორიუმები თუ განცალკევეული ეკვდერები იყო გამოყოფილი.
საგანგებოდ გვინდა შევეხოთ ქვაბიჯვარის ეკლესიის მდებარეობას და ისტორიული გეოგრაფიის გარკვეულ საკითხებს. ექვთიმე მთაწმინდელის „მოსახსენებელი მიმოსვლათათვის და ქადაგებათა ყოვლად ქებულისა და დიდებულისა მოციქულისა ანდრიასი” და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მოციქული ანდრია ტრაპიზონიდან (რომელსაც წყარო „მეგრელთა ქალაქს“ უწოდებს) გადასულა ქართლში, ადგილში სახელწოდებით „დიდ-აჭარა“, სადაც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა და ქრისტიანობა იქადაგა; მისი შემდგომი მარშრუტი, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ასეთია: ანდრია „წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს”, შემდეგ ოძრხეს ხევი, სამცხის საზღვრები, რის შემდეგაც „წარმოემართა და მოიწია აწყვერს“. როგორც ვიცით, აჭარა და სამცხე ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან ოძრხეს საერისთავოში იყო გაერთიანებული. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, წყაროში ნახსენები დიდ-აჭარა დღევანდელი ხულოს მინუციპალიტეტის სოფ. დიდაჭარაა. დ. ბერძენიშვილის მიხედვით, „სოფლიდან კარგად ჩანს გოდერძის უღელტეხილით სამცხეს მიმავალი გზა. ყოფილა მეორე გზაც, რომელიც რკინისჯვრის მთაზე ადის, იქიდან კი სამცხისა და იმერეთისაკენ დაეშვება… დიდ-აჭარიდან წამოსულ ანდრიას უნდა გაევლო ირემაძეები, საციხური, აგარა, ღორჯომი, ცივწყაროს მთა, ქვაბისჯვარი, მამლის მთა“. გზა კარგად იკითხება თანამედროვე რუკაზეც. ჩვენი აზრით, ქვაბიჯვარის ეკლესია სწორედ ამ მარშრუტის ერთ-ერთ პუნქტშია აგებული. შესაძლებელია, რომ იმ მასშტაბურ სააღმშენებლო საქმიანობაში, რომელიც გააზრებულად წარმოებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX-X სს-ში და რომლის იდეოლოგიური ცენტრს ზარზმის მონასტერი წარმოადგენდა, ქვაბიჯვარი ერთ-ერთი ის ეკლესიაა, რომლის საშუალებით მონიშნული იყო ისტორიულ-რელიგიური თვალსაზრისით გამორჩეული ეს მარშრუტი.

+ფოტოგალერეა
  • qvabijvari-church
+მეტამონაცემები