ქიქინეთის მეჩეთი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ქიქნეთის მეჩეთი (41°42’15.06″N 42°53’41.56″ E 1461 მ) საკმაოდ კარგადაა შემონახული. მთლიანადაა შემორჩენილი გადახურვის ოთხქანობა კონსტრუქცია და ხახვისებრი ფორმის გუმბათი, ასევე მეორე სართულის მოჩუქურთმებული და მოხატული ჭერი. კარ-სარკმლების განლაგების თავდაპირველი სისტემა ტრადიციულია: შესასვლელი ჩრდილოეთით, მიჰრაბის პირდაპირ, დანარჩენ სამ მხარეს – ორ-ორი სარკმელი. დამატებით მცირე სარკმლები გაჭრილია მეორე სართულის გალერეების გასანათებლად. შენობის მონუმენტურ, რუხი და მოვარდისფრო თლილი ქვის კვადრებით ნაგებ ფასადებზე მკაფიოდ გამოირჩევა სარკმლების შვერილი, პროფილირებული თაღოვანი მოჩარჩოებები და თარო-კარნიზის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან პირველ და მეორე იარუსს. ჩრდილოეთის ფასადის მარცხენა კუთხეში კვადრატული რიზალიტია, რომელიც კორპუსის მთელ სიმაღლეზე ადის. კვადრატულ შვერილს რვაკუთხა გეგმის კოშკი ადგას, რომელსაც გადახურვა აღარ აქვს. ეს კონსტრუქცია მეჩეთის მინარეთის კიბის უჯრედია. კარგადაა შემონახული ასევე მოვარდისფრო ქვით გამოყვანილი კარნიზი და ხის გადახურვა. კორპუსის კუთხეები ასევე მცირედ შვერილია. შესასვლელს ფართო, მძლავრი ლილვებით პროფილირებული თაღოვანი პორტალი აქვს, შემონახულია მოხარატებული ორფრთიანი ხის კარიც. კარის თავზე ლუნეტია, რომელშიც ჩასმულია ხის დაფები კვეთილი ორნამენტით. პორტალის თავზე, საგანგებო ფილაზე, მეჩეთის აგების თარიღია მოცემული – ჰიჯრის 1326-1328 წლები (1907-1910).
ინტერიერი მოგვიანებით ორ იზოლირებულ სართულად გაუყვიათ, პირველ სართულზე საწყობი, ხოლო მეორეზე კულტურის სახლი იყო მოწყობილი, თუმცა გალერეის იატაკის ძელები ნაწილობრივ შემორჩენილია. მეორე სართულზე შემონახულია მთლიანად მოხარატებული და ფერადად შეღებული ჭერი, ბოძები, გუმბათქვეშა კვადრატი, გუმბათის ქვედა სარტყელი და სხვ. გუმბათის ცენტრში ბორჯღალის ფორმის ხეზე კვეთილი დეკორატიული ელემენტია ჩასმული. გუმბათის სფეროსებრი ზედაპირი მოხატულია. ფერწერა ოსმალეთის იმპერიაში გავრცელებულ პლაფონების მოხატულობას მოგვაგონებს: ცენტრალური ვარდული, მის გარშემო განლაგებული გირლანდები და არაბესკები არაბული წარწერებით (მუჰამედის, მისი ოჯახის წევრების და მართლორწმუნე ხალიფების მოხსენიების ტრადიციული ფორმულები: „მუჰამედი ბატონი ჩვენი….ალაჰის კურთხევა მასზე“, „აბუ-ბაქრი.. ალაჰიმც კმაყოფილია მით“, „ალი..ალაჰიმც შეიწყალებს მას”, „ჰუსეინი..…ალაჰიმც შეიწყალებს მას”, „……დიდება მას“, და სხვ. დარბაზის კედლებზე კიდევ რამდენიმე წარწერაა: მიჰრაბში – ალაჰის სახელი და სიტყვები „შენია მეუფება“; კედელზე – „არ არს ძლევა ალიზე და ვერც მახვილი ძლევს ზულფიკარს, მუჰამედი ალაჰის მოციქულია“, „ჰუსეინი.. ალაჰიმც მიესალმება მას“ (თარგმანი გ. ლობჟანიძისა).
მსგავსი დეკორი გვხვდება აგრეთვე ხევაშენის, ფერსას, ვალეს, ზიკილიას, ოთას და სხვ. მეჩეთების გუმბათებშიც.
ქიქიქნეთის მეჩეთის პირველი სართულის დარბაზის კედლებზე ბოლაჯურისა და ენთილის მეჩეთების მსგავს სიმბოლურ და დეკორატიულ სახეებს ვხედავთ (დრაპირება მიჰრაბის ნიშში, არაბესკები, გირლანდები, ყვავილების თაიგულები, კვიპაროსები, ზულფიკარის გამოსახულება და სხვ.), რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ყველა ეს მეჩეთი ოსტატთა ერთი და იგივე ჯგუფის მიერაა მოხატული. თუმცა ქიქინეთის მეჩეთში სახეზეა კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: ოსმალეთის იმპერიის გერბის მსგავსი გამოსახულება. ჰერალდიკური ნიშნების კომბინაცია ზუსტად დაცული არაა, მაგრამ სახეზეა საერთო ფორმა, იმპერიის გადაჯვარედინებული დროშები ვარკვლავითა და ნახევარმთვარით (თუმცა ორივე დროშა ერთნაირი წითელია, მაშინ როდესაც ოსმალეთის იმპერიის გერბზე ერთი დროშა წითელია, მეორე კი – მწვანე, რაც სიმბოლურად ანატოლიისა და რუმელიის ვილაეთების ერთობას განასახიერებდა). 1907-1910 წლებში რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე აგებული მეჩეთის მოხატვა ოსმალეთის იმპერიის სიმბოლიკით ძალზე საყურადღებო მომენტია, რაც, ჩვენი აზრით, არა მხოლოდ რელიგიური იდეოლოგიის მანიფესტაციას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიმართებების გაცხადებასაც ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის უცნობია საკუთრივ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მეჩეთებში სახელმწიფო ჰერალდიკის გამოსახვის ფაქტები.

+ფოტოგალერეა
  • qiqineti-mosque
+მეტამონაცემები