ენირაბათი (ახალდაბა)

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ენირაბათის გუმბათიანი ეკლესია ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპისაა. თარიღდება X-XI სს-ებით.

აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდის ორსავ მხარეს გვერდითა ოთახები – პასტოფორიუმებია. დასავლეთის მკლავი, რომელიც შედარებით დაგრძელებულია, გარედან თავისუფალია.

გუმბათი ეყრდნობა კედლის კუთხეებს, რომელთა დამუშავებაც ინტერიერში პილასტრებით ხდება. აფსიდი ნახევარწრიულია. სამხერთის და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეა. დასავლეთისა, კი, რომელიც დაგრძელებულია, ორ ნაწილად იყოფა პილასტრებისა და დამჭერი თაღების მეშვეობით.

პასტოფორიუმებს გვერდის მკლავებიდან აქვს შესასვლელები. ჩრდილოეთის პასტოფორიუმი პირდაპირ აფსიდს უკავშირდება.

გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასასვლელად გამოყენებულია ტრომპაფრები. მკლავებისწინა თაღები, ისე როგორც კედლის კიდეები, და პილასტრები კარგად ნათალი ქვებითაა ამოყვანილი. თაღებს შესამჩნევად შეისრული ფორმა აქვს.

გუმბათის ძირში მსუბუქად დამუშავებული ნახევარწრეებიანი კარნიზია. გუმბათის ყელში კი – კედლის სიბრტყიდან ოდნავ წინ წამოწეული თაღნარი. გუმბათში ყოველი მესამე თაღის შუაში გაჭრილი 4 სარკმელია.

ტაძრის სარკმელებიდან გამოირჩევა სამხრეთის შეწყვილებული სარკმელი. დასავლეთის მკლავში იყო პატრონიკე.

ინტერიერის კედლები გარდა კონსტრუქციული ნაწილებისა ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვებით. ეკლესიაში მცირე ფრაგმენტებად შერჩენილია მოხატულობის კვალი.

ენირაბათის ეკლესიის ფასადებზე გადაკეთებების კვალი სჩანს. სამხრეთი და დასავლეთით არის შესასვლელი კარები და ეს ფასადები ყველაზე უხვადაა შემკული. ორნამენტირებულ საპირეებიან სარკმლებს მძლავრი წარბები აგვირგვინებს. სამხრეთ და დასავლეთ მკლავების ფასადებზე შემორჩენილია უწყვეტი თაღნარი.

აღმოსავლეთის ფასადზე 4 სამკუთხა ნიშია. 2 დიდი – აფსიდასა და გვერდის ოთახებს შუა კედლის სიღრმეში, ორი მომცრო კი ფასადის კიდეებში.

ღრმა სამკუთხა ნიშებითაა შემკული 24 წახნაგა გუმბათის ყელიც. რომლის თაღები შეწყვილებულ გრეხილ ლილვებს ეყრდნობა. გუმბათში 4 სარკმელია და მათ შორის 5-5 თაღოვანი არე გამოდის, რომელთაგან ყველა მეორეში სამკუთხა ნიშაა. გუმბათს კარნიზი და დაბალი კონუსური გადახურვა აგვირგვინებს.

გვერდის ოთახების ცალქანობა სახურავები დაბალია, მოცულობის ჯვრული ფორმა გარე მასებშიც შენარჩუნებულია.

+მეტამონაცემები