ხერხემის ციხე

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ხერხემის ციხე (41°43’50.30″N 42°53’46.63″E 1733 მ) კლდის ციცაბო ფერდზე და თხემზეა განლაგებული. კომპლექსში შედის მასიური გოდოლი კარიბჭით, რომელიც რელიეფს მიუყვება და სამხრეთით მრუდ ხაზს ქმნის, სწორკუთხა ფორმის კოშკი, კიდევ ერთი შედარებით უკეთ შემონახული კოშკი ციხის დასავლეთ ნაწილში, ეკლესია, მოზრდილი, დარბაზის ტიპის ნაგებობა, სხვა დამხმარე სათავსები, წყლის ცისტერნები და ა. შ. მთლიანობაში კომპლექსს მრავალგზის გადაკეთების კვალი ეტყობა.
დასავლეთის კოშკი, როგორც ჩანს, ციხის კომპლექსის მთავარ ელემენტს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ეს ხერხემის ციხის ყველაზე ძველი ნაგებობაცაა (VIII-IX სს.), რადგან კედლების წყობა უფრო თანაბარი, ჰორიზონტალურად გამართული მწკრივებისაგან შედგება. შედარებით წვრილი კვადრების წყობაში პერპენდიკულარულად ჩატანებულია დიდი ზომის ლოდები, რომლებიც ერთგვარი კონტრფორსის როლს ასრულებს. კოშკი ზურგიანი ტიპის ოთხსართულიანი ნაგებობა. სწორი კედელი აღმოსავლეთიკენაა, ამავე მხრიდან, მეორე იარუსის დონეზე, გაჭრილია შესასვლელი კარი. პირველი ორი სართულის შიდა სივრცის გადახურვა სწორია, მესამე და მეოთხესი – კამაროვანი. კლდეზე ამომავალ ორ ბილიკს (ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან) შეესაბამება მაღალი საისრე ნიშები და სალოდეები ბოლო სართულზე. ასევე საკმაოდ დიდ სიმაღლეზე, დაახლოებით 15 მ-ზე, შემონახულია სწორკუთხა, გარედან კუთხეებმომრგვალებული კოშკის კედლები. ეს კოშკიც ოთხ- ან ხუთსართულიანი უნდა ყოფილიყო. მისი კედელები, გოდოლის წყობასთან შედარებით, უფრო წვრილი, თანაბარზომიერი ქვითაა ნაგები. აქაც სხვადასხვა პერიოდის სამშენებლო ფენა განირჩევა. ციხის შიდა ტერიტორიაზე, სამხრეთ მხარეს, დარბაზული შენობაა შესასვლელით სამხრეთიდან და ერთი სარკმლით ჩრდილოეთ მხარეს. სახეზეა კედლების პერანგის ნაშთები, რომლებიც კარგად დამუშავებული ქვისაგან შედგებოდა. ამ ნაგებობას თავისი დასავლეთი კედლით უშუალოდ ეკვრის დარბაზული ეკლესია.მდ. ხერხემლისწყლის მეორე, მარჯვენა ნაპირზე განირჩევა კედლების ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხერხემის ციხის საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა. ციხის მოპირდაპირე ქედზე ქვაბულებია.
ხერხემის ციხე მოიხსენიება „ქართლის ცხოვრებაში“ 1306 წლის თურქების შემოსევასთან დაკავშირებით, მის მფლობელებად დასახელებული არიან თავადი ხერხემლიძეები. ციხე ნახსენებია ასევე 1516 წლის მცხეთის საპატრიარქოს სამცხეში საქონებელსა და სამწყსოს სიაში, ამ დროს მის მფლობელებად დასახელებული არიან თავადი თაქთირისძეები.

+ფოტოგალერეა
  • kherkhemi-castle
+მეტამონაცემები