| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ჭობარეთის სულთმოფენობის სახელობის დარბაზული ეკლესია (ტაბ. 95) (41°34’41.10″N 43°07’42.64″E 1424 მ), სააღმშენებლო წარწერის მიხედვით, აგებულია 1847 წელს. საფლავის ქვაზე, რომელიც ამჟამად ტაძრის ინტერიერშია შეტანილი, ვკითხულობთ: „საფლავსა . ამას : შა . მდებარე ვარ. ნიკოლაოზ ინასარიძე. ლე წლისა აგვისტოს ვ.ნ. მიზეზ . ვარ. აღშენებასა. ამა. ტაძრისა ჩყმზ. წლს“. ნაგებობა ხელოვნურ სუბსტრუქციაზე დგას, რომელიც ერთ მხარეს ტერასას ქმნის. კედლები უხეში რუხი ბაზალტის ქვითაა ნაგები, უკეთ დამუშავებული ქვა გამოყენებულია კუთხეებზე და სარკმლების გარშემო. სახურავზე დაშენებულია სამრეკლოს ფანჩატური. ფანჩატურის ოთხ სვეტს სამცხის კათოლიკურ-მონოფიზიტური ეკლესიების არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სვეტისთავები აქვს. ერთადერთი კარი სამხრეთი კედლის თითქმის დასავლეთ კუთხეშია გაჭრილი, თითო სარკმელია აფსიდში და დასავლეთ მხარეს, ორი – სამხრეთ კედლეში. დარბაზი ორი წყვილი მარტივი ფორმის პილასტრის მეშვეობითაა დანაწევრებული, მარტივი სახე აქვს ასევე აფსიდის შვერილებსაც. მცირე შვერილები და მარტივი კაპიტელებია ასევე დასავლეთ კედლის კუთხეებზეც, რომლებზეც ასევე გადაყვანილია საბჯენი თაღი.
გრძივ კედლებზე საკმაოდ ღრმა სამმალიანი თაღედია. ნახევარწრიული აფსიდი ჩაწერილია გეგმის სწორკუთხედში, საკურთხეველში ორი მაღალი თაღოვანი ნიშია. ინტერიერი მთლიანად შელესილია კამარის საბჯენი და აფისიდისპირა თაღების და მარტივპროფილიანი კაპიტელების გამოკლებით.

