ჩიხორისის ეკლესია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ჩიხორისის მონასტერი საკმაოდ დიდი კომპლექსი ყოფილა, რომელშიც ჯერ კიდევ გ. ბოჭორიძის მიერ დაფიქსირებულია რამდენიმე ნაგებობის ნაშთი – მთავარი ეკლესია (მოზრდილი დარბაზული), ორი მცირე დარბაზული სამლოცველო, კელიები და სხვ. ე. თაყაიშვილი აღწერს მთავარ ეკლესიას, კელიებს და კოშკისებრ ნაგებობას, ასევე წარწერიან ქვას, რომელიც ამჟამად დაკარგულია.
მთავარი ტაძარი (41°33’31.90″N 43°16’39.38″E 1126 მ) ძლიერაა დაზიანებული, ჩამოქცეულია კამარა, დასავლეთი მხარე მთლიანად განადგურებულია. ეს საკმაოდ მოზრდილი დარბაზული ნაგებობაა. ფასადები IX-X სს-ის სამცხე-ჯავახეთის ხუროთმოძღვული ძეგლებისთვის დამახასიათებელი უხეში, არათანაბარი ქვის წყობითაა ნაგები, უკეთ დამუშავებული, მსხვილი ბლოკები გამოყენებულია კუთხეებზე. ფასადებს ორნამენტიანი კარნიზი მიუყვება, რომელზეც უმეტესად გეომეტრიული და ფოთლოვანი წნული მოტივები ენაცვლება ერთმანეთს. სამაგიეროდ, ბევრად უფრო სუფთად გათლილი ქვაა გამოყენებული ინტერიერში, განსაკუთრებით – თაღებზე, პილასტრებზე და სხვ. დარბაზი ერთი წყვილი მასიური, სამსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული. იგივე ფორმა აქვს აფსიდის მძლავრ შვერილებსაც. ამ პილასტრებისა და ძლიერი შვერილების გამო დარბაზის ორი მონაკვეთი და ღრმა ბემის მქონე აფსიდი შედარებით გამოცალკებეულად აღიქმება. მთავარი მხატვრული ეფექტი იქმნება ამ პილასტრების, შვერილების, კამარის საბჯენი თაღის, გრძივი კედლების დამანაწევრებელი ღრმა თაღების მკაფიო რიტმით. ეს უკანასკნელები ასევე ძალზე მძლავრი, ღრმა და ორსაფეხურიანია. კაპიტელები პროფილირებულია და გრეხილი ლილვებითაა მორთული. ორმაგი გრეხილი ლილვის სახის კარნიზი გასდევს ასევე კამარის დასაწყისის შემორჩენილ ფრაგმენტებს. შესასვლელი კარი არ ჩანს, დასავლეთის კედელი მთლიანად და სამხრეთისა თითქმის ნახევარზე განადგურებულია, თითო სარკმელი ჩანს აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთის კედლებში. არქიტექტურული თავისებურებებით ჩიხორისის მონსტრის მთავარი ტაძარი X ს-ით თარიღდება.
მთავარი ტაძართან ახლოს, დასავლეთ მიმართულებით, მცირე სამლოცველოს ნანგრევებია (41°33’32.01″N 43°16’38.36″E 1123 მ), რომლისგანაც მხოლოდ საკურთხევლის მარცხენა კუთხეა შემორჩენილი. კიდევ ერთი მცირე ეკლესია მთავარი ტაძრის აღმოსავლეთითაა, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე (41°33’31.39″N 43°16’41.59″E 1135 მ): აქ კედლის შემორჩენილ ფრაგმენტებზე სახეზეა პილასტრის კვალი და აფსიდის მომრგვალებული ნაწილი.
მთავარი ტაძრის ჩრდრილო-დასავლეთით ასიოდე მეტრში კიდევ ერთი, კლდის ნატეხი ქვით ნაგები კედლის ნაშთებია (41°33’34.89″N 43°16’40.35″E 1135 მ), სადაც კედლის ქვედა ნაწილი თითქოს მომრგვალებულ ფორმას ქმნის. შესაძლოა, ეს გვიანი შუა საუკუნეების სამლოცველოა მიწისქვეშა საძვალეთი.
კომპლექსის თავზე აღმართულ კლდეშია ქვაბულებია. ხევის მეორე მხარეს ასევე ჩანს ქვებისა და კირის კვალი. შესაძლოა, აქაც მონასტრის რაიმე ნაგებობა იდგა.

+ფოტოგალერეა
  • chikhorisi-church
+მეტამონაცემები