ქუმის წმ გიორგი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ქუმის/ქომის/ხომის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ახალციხიდან დაახლოებით 15 კმ-ში, თანამედროვე სოფ. სვირის და ნასოფლარ ტორნისის მიდამოებში (41°44’43″N 42°59’21″E). ნაგებობა კლდოვან ხეობაში, ტყიან ტერიტორიაზეა აღმართული, მისმა ფრაგმენტებმა ნანგრევების სახით მოაღწია ჩვენამდე. ეკლესიის გარშემო ფიქსირდება არქიტექტრული დეტალები და დეკორით შემკული ცაკლეული ქვები. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტერიტორას ხომის/ხომას/ქომის/ქუმის ტოპონიმით მოიხსენიებს, ამავე სახელით ცნობილია მთლიანად ხეობა, ამ ხეობაში არსებული ორი ნასოფლარი, მინერალური წყარო – ე. წ. აბანო, გამოქვაბულები და მონასტერი. ქუმის ეკლესია განვითარებულ შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს და ზოგიერთი მკვლევარი მას მოსე ხონელის სახელთან აკავშირებს. ეკლესიის ირგვლივ აშკარად შეინიშნება სამონასტრო ნაგებობების კვალი, როგორც ჩანს, აქ მთელი კომპლექსი უნდა ყოფილიყო გაშენებული. აღსანიშნავია კელიების, დამხმარე სათავსების, მცირე სამლოცველოს და სხვ. ნაშთები, ასევე კლდის ფერდზე არსებული ქვაბები. ვ. სამსონაძის სიტყვებით, „ხომის ეკლესია-მონასტერი განვითარებულ შუა საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. გამორიცხულია, რომ ეს მშვენიერი ნაგებობა, თანაც ასე მივარდნილ ხევში, თურქთა მომძლავრების შემდეგ, ესე იგი, XVI საუკუნის აქეთ იყოს აშენებული. ხოლო თუ გამართლდა ჩვენი ვარაუდი, რომ ეს ძეგლი და მისი შემოგარენი ნამდვილად იყო დაკავშირებული „ამირანდარეჯანიანის“ ავტორის სახელთან, უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობდა XI-XII სს-შიც. მაგრამ უფრო სწორი ვიქნებით, თუ ამ ძეგლს X ს-ს მივაკუთვნებთ, ვინაიდან იგი საოცრად წააგავს სახელგანთქმული საფარის მონასტრის მიძინების ეკლესიას. მათ შორის დიდი მსგავსებაა ჩუქურთმებისა და თვით ძეგლის აღნაგობაშიც“. თუმცა მკვლევარი თავის ნაშრომში ძეგლის სავარაუდო დათარიღებას იძლევა, არ საუბრობს ამ მოსაზრების სასარგებლო არგუმეტაციაზე და რა იძლევა ძეგლის არქიტექტურულ-მხატვრული თავისებურებების ანალიზს, რადგან ეს პრობლემა მისი კვლევის საგანს არც წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ ქუმის ეკლესია, როგორც ჩანს, არაა ცნობილი არც ვახუშტი ბატონიშვილისთვის, არც ე. თაყაიშვილისთვის და არც ვ. ბერიძისთვის. სავარაუდოდ, ვახუშტი ამ ხეობას წნისისხევის სახელით იცნობს: მის ნაშრომში წნისისხევის აღწერა უშუალოდ მოსდევს აბანოს ხევის (წინუბნის ხეობის) აღწერას: „ამ ხევს ზეით, წნის, ერთვის მტკვარს წნისის ხევი გამომდინარე ფერსათის მთისა. ეს მოდის ჩრდილო-დასავლეთიდამ აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა. მერმე ჩრდილოდამ სამხრით. ამ ხევზედ არს, წნის ზეით, მონასტერი მაღალსა კლდესა ზედა, კეთილშენი, გუნბათიანი და აწ უქმი“. მაგრამ ქუმის ტაძარი არაა გუმბათიანი ნაგებობა, ამიტომ ე. თაყაიშვილის მოსაზრებით, ვახუშტი წნისისხევის მონასტერში ბიეთის ტაძარს უნდა გულისხმობდეს.
ე. თაყაიშვილის საპირისპიროდ, ვ. ბერიძემ საეჭვოდ მიიჩნია მოსაზრება ვახუშტისეული წნისისხევის ეკლესიის და ბიეთის ტაძრის იდენტობის შესახებ, რადგან ბიეთის ტაძარის განლაგება არ შეესაბამება ვახუშტის სიტყვებს მონასტრის მაღალ კლდეზე მდებარეობის შესახებ: „არც სახელწოდებაა მითითებული და არც ტაძრის მდებარეობაა სწორად ნაჩვენები: იგი (ბიეთის ტაძარი) მაღალ კლდეზე არ დგას“. თუმცა წნისისხევის ანუ ქუმის მონასტერს არც ვ. ბერიძე ეხება. მის „სამცხის ხუროთმოძღვრებაში“, სადაც რეგიონის შუა საუკუნეების მონუმენტური არქიტექტურა საფუძვლიანადაა შესაწავლილი, ეს ძეგლი განხილული არაა. ერთადერთი, ვინც ქუმის ნამონასტრალს აღწერს, ახალციხის მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის თანამშრომელი ბ. ტაბიძეა. 1940 წელს მან მოინახულა და აღწერა ძეგლი. მკვლევარი ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაგებობებს ქუმის/ქომის/ხომის მონასტერს უწოდებდა.
ნამონასტრალის მთავარ ნაგებობას ორნავიანი ეკლესია წარმოადგენს. მისი ზომებია 20 მ 16 მ-ზე. ნაგებობა შედგება მთავარი ნავისგან და მის ჩრდილოეთიდან მომიჯნავე მცირე ნავისაგან. გარდა ამისა, შენობას ჩრდილოეთის ფასადზე ტრაპეციის ფორმის (დასავლეთისკენ გაგანიერებული) მინაშენი მიუყვება, რომელიც თავად ეკლესიაზე ცოტათი მოკლეა და დაახლოებით გვერდითა ნავის აფსიდალურ ნაწილთან მთავრდება. ეკვდერის წაგრძელებული, უსწორო ინტერიერი პილასტრების ორი წყვილის და ორი საბჯენი თაღის საშულებით სამ სეგმენტად იყოფა. კიდევ ერთ სეგმენტს ქმნის აღმოსავლეთ მონაკვეთი კედლის მცირე შვერილებით, რომელიც გამოყოფილ აფსიდალური ნაწილს ჰგავს, მაგრამ არ აქვს მომრგვალებული ფორმა, არამედ სწორი ფორმის კედლით სრულდება. ამ კედელში გაჭრილია ერთი სარკმელი. მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კიდევ სამი სარკმელია ეკვდერის ჩრდილოეთის კედელში. შესაძლოა, ეს სათავსი სატრაპეზოს წარმოადგენდა.
კიდევ ერთი მინაშენი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს – ფასადის აღმოსავლეთის მონაკვეთზე მიდგმული იყო მცირე სამლოცველო გეგმაში სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით, ამ მხარეს გაჭრილი ერთი სარკმლით და დასავლეთის მხრიდან კარით. ძეგლიდან დასავლეთით, ორმოცდაათიოდე მეტრში, რაღაც ნაგებობის ნაშთებია (შესაძლოა, კელიების), ოდნავ მოშორებით, მაღალ და მიუვალ კლდეში, ქვაბულებია.
თავად ეკლესია, როგორც ვთქვით, ორნავიანია. მთავარი ნავი ჩრდილოეთის მცირე ნავს ორი თაღით უკავშირდება. თაღები მასიურ, დაბალ მრგვალ სვეტზე და მასიურ ტრაპეციის ფორმის, ქვევიდან მომრგვალებული წახნაგების მქონე კაპიტელზეა გადაყვანილი. თაღებში ტიმპანებია, გვერდითა ნავის მხრიდან ღიობებს სწორკუთხა ფორმა აქვს. გვერდითა ნავი ვიწროა, ნათდება მთავარი ნავიდან და საკურთხეველში გაჭრილი ერთი სარკმლის მეშვეობით. მასში გარედან შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარის ზემოთ კიდევ ერთი პატარა მრგვალი სარკმელია, ჩრდილოეთის მხრიდან კი შენობას თითქმის მთელ სიგრძეზე მიუყვება მინაშენი. გვერდითა ნავის კამარა ორი დაკიდებული საბჯენი თაღითაა დანაწევრებული, თაღის ქუსლები მასიური, ტრაპეციის ფორმის კონსოლების სახითაა გაფორმებული. ასეთივეა აფსიდისპირა მასიური პილასტრების კაპიტელები და მათზე გადაყვანილი აფსიდისპირა თაღი. აფსიდი აღმოსავლეთის კედლის ხაზშია ჩაწერილი. აფსიდი შიგნიდან შედარებით წვრილი და უსწორო ქვითაა ნაგები, კონქში წყობა უფრო მსხვილი და სწორკუთხა კვარდებისგან შედგება. ასეთივე თლილი და მსხვილი ქვითაა ნაგები გრძივი კედლები. ამ სათავსში მიწაში აღმოჩენილია ქვევრები, რამაც ვ. სამსონაძეს აფიქრებინა, რომ სათავსი მარანს წარმოადგენდა, თუმცა, ჩვენი აზრით, აფსიდით დაბოლოვებული სათავსი სამლოცველო უნდა იყოს, რომელიც, შესაძლოა, მოგვიანებოით დამხმარე ნაგებობადაც გამოიყენებოდა.
მთავარი ნავი საკმაოდ ფართო და მაღალია. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლები თითქმის კამარის დასაწყისის და კონქის ზენიტის დონეზეა შემორჩენილი, სახეზეა დასავლეთი კედელიც, სამხრეთისა კი დანგრეულია. ინტერიერში კედლები კარგად თლილი ქვიშისფერი და რუხი ქვითაა ნაგები, კვადრები მსხვილია, უფრო კვადრატს მიახლოებული ფორმის. მთავარ ნავს ორი შესავლელი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან, ორივე კარი კედლის ცენტშია განლაგებული. აფსიდში და დასავლეთიდან თითო მაღალი სარკმელია გაჭრილი (აფსიდისა თაღოვანია, დასავლეთის სარკმელს ზედა ნაწილი მონგრეული აქვს). აფსიდი აქაც გეგმის სწორკუთხედშია ჩაწერილი და ღრმა ნახევაწრიული მოხაზულობისაა. სამხრეთიდან ღრმა ნიშია, პასტოფორიუმები არაა. ნავი მასიური საფეხურისებრი პილასტრების ორი წყვილითაა დანაწევრებული. მათზე გადადის გრძივი კედლის დამანაწევრებელი და კამარის საბჯენი თაღები. კაპიტელებს სადა ტრაპესიისმაგვარი, ოდნავ გაღუნული ფორმა და ზედ გადებული ბრტყელი ფილა აქვს. მარტივად, გრაფიკული ხაზებითაა დამუშავებული გვერდითა ნავში გამავალი ერთ-ერთი თაღის შემორჩენილი პირი. მეორე თაღის ზემოთ ჩუქურთმიანი ფილაა ჩასმული, შესაძლოა, ადგილნაცვალი. საკურთხევლის ნაწილის კედელი ორფერია – ქვედა ნაწილის რუხი ქვები მკვეთრად გამოიყოფა კონქის მოყავისფრო-ქვიშისფერი წყობისაგან.
ეკლესიის ფასადები რუხია, მომწვანო-ფირუზისფერი ჩანართებით. შედარებით კარგადაა შემორჩენილი პერანგის წყობა დასავლეთ ფასადზე. აქ შესასვლელი კარის პორტალი გაფორმებული წნული ჩუქურთმიანი სწორკუთხა მოჩარჩოებით და ორმაგი ლილვით. კარის აქეთ-იქით პროფილირებული კრონშტეინებია – შესაძლებელია, მათ რაიმე კონსტრუქცია ეყრდნობოდა (მაგ., კარიბჭის თაღი). კარის ზევით დეკორატიული ჯვარია, უფრო ზევით – ნაწილობრივ შემორჩენილი სარკმლის ჩუქურთმიანი საპირე (წნული ორნამენტული არშია გრეხილი შეწყვილებული ლილვების მოჩარჩოებაშია მოქცეული).
ქუმის ეკლესია საქართველოში გავრცელებული ირნავიანი ეკლესიების ნიმუშია.
ორნავიანი ბაზილიკები არცთუ მრავალრიცხოვანი ჯგუფი დაახლოებით ორ ათეულ ნიმუშს მოიცავს საკმაოდ გავრცელებულია ასეთი ტიპის ნაგებობები მესხეთშიც და მათი უმეტესობა გარდამავალ ხანას, ან X ს-ს განეკუთვნება. ასეთ ეკლესიებში გვერდითა ნავი ზოგჯერ მთავარზე მოკლეა (ქილდა), ზოგჯერ ფართო, კარგად განათებული, დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობის მქონე სათავსია (შალაური, ბაღიანთკარი), ზოგჯერ კი ვიწრო, ბნელი დერეფნის სახე აქვს და მთავარი ნავის თითქოს დანამატს წარმოადგენს (ქილდა, ზემო ვარძია). გვერდითა ნავს უმეტესად აფსიდი აქვს, ზოგჯერ კი აღმოსავლეთიდან სწორი კედლით სრულდება. თითქმის ყველა შემთხვევაში ნავებს ცალკე გადახურვა აქვს: მაღალი ორფერდა სახურავი ცენტრალურს და დაბალი, ცალქანობა – გვერდითას. უფრო გართულებულ კომპოზიციებში, სადაც ეკლესიას ემატება სტოა ან ეკვდერი, ამ დაბალ სეგმენტსაც ცალკე გადახურვა აქვს. გამონაკლისია მხოლოდ ზემო ვარძიის ეკლესია, სადაც ორივე ნავი და სტოა ერთიან ორფერდა გადახურვაშია მოქცეული სხვენში სამალავების არსებობის გამო. ქუმის ეკლესიის შემთხვევაში, ნავების სიმაღლეებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია.
პასტოფორიუმების მოწყობა გეგმის თავისებურების გამო ორნავიან ეკლესიაში რთულდება. ამ ტიპის ნაგებობებში მხოლოდ ერთი სათავსის მოწყობაა შესაძლებელი – გვერდითა ნავის საპირისპირო მხარეს (უმეტესად, ჩრდილოეთით – მაგ., შალაური, ბაიხო, ბზიანა, ახმეტა, ქოჩალო, მღვიმევი, ზედა ვარძია, იშვიათად – სამხრეთით, მაგ, ღართა) . ზოგჯერ ასეთ ეკლესიებს, ქუმის მსგავსად, საერთოდ არ აქვს პასტოფორიუმები: ეს უმეტესად X ს-ის ძეგლებია (ქილდა, დვირი, საკვირიკე, ვანი).
ქუმის ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ორნავიანი ტაძრების უმეტესობისგან განსხვავებით, სადაც ნავების გამოყოფი ორი თაღი საკმაოდ განიერია და ღიობები თითქმის მთელი გრძივი კედლის სიგრძეს იკავებს, აქ ღიობები ვიწრო და დაბალია და მხოლოდ კედლის აღმოსავლეთი, აფსიდისწინა მონაკვეთი უჭირავს. გვერდითა ნავის შედარებით მეტი იზოლირებულობის მაგალითს ღართას, ქილდას და საკვირიკეს ეკლესიები გვაძლევს, თუმცა არსად თაღები ასეთი მცირე არაა ნაგებობის საერთო ზომებთან შეფარდებით, როგორც ქუმის ეკლესიაში.
ქუმის ეკლესიაში, X ს-ის ძეგლების, საკვირიკესა და ქილდის ტაძრების, მსგავსად, გვერდითა ნავი განათებულია ორი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეს გაჭრილი თითო სარკმლით. ორ ნავს შორის საგრძნობი განსხვავება სიმაღლესა და სიგანეში თითქოს შერბილებულია კონსტრუქციული წყობის მსგავსებით: ორივე ნავში ხაზგასმულადაა აქცენტიურებული მძლავრი საბჯენი თაღები და თუმცა მცირე ნავს მხოლოდ აფსიდისპირა პილასტრები აქვს, მათი მძლავრი ფორმები და მასიური კაპიტელები და კამარის ორი საბჯენი დაკიდებული თაღის კონსოლები თითქოს იმეორებს დიდი ნავის კონსტრუქციების რიტმს და ფორმებს. კონსტრუქციების მონუმენტური არქიტექტონიკის ხაზგასმა და რიტმულობა ერთგვარად აკომპენსიერებს შენობის დეკორის სიმცირეს და მის მკაცრ იერსახეს. მსგავს მხატვრულ გადაწყვეტას ვხედავთ ასევე დანკალის ეკლესიაში. ქუმის ეკლესიის კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი აფსიდი ასიმეტრიულია -მისი ჩრდილოეთის კუთხე ღიაა, თაღის ღიობს წარმოადგენს, სამხრეთის აფსიდისპირა შვერილის სიმეტრიულად აქ სვეტია განლაგებული.
ორნავიანი ეკლესიების არქიტექტურული ტიპის გავრცელება საქართველოში დაახლოებით ემთხვევა სამეკლესიანი ბაზილიკების პოპულარობის ხანას. გეოგრაფიულადაც ამ ორი ტიპის გავრცელების არეალი უმეტესად მსგავსია: მრავლად შენდება ორნავიანი ეკლესია და სამეკლესიანი ბაზილიკა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ისტორიულ კუდაროში თუ თორში. არქიტექტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ქუმის ეკლესიის უახლოეს პარალელებად ქილდის, დვირის, საკვირიკეს, დანკალის ორნავიანი, მასთან გეოგრაფიულადაც ახლოს მდებარე ეკლესიები გვესახება. ამ ნიმუშების უმეტესობა X ს-ის განმავლობაშია აგებული, უფრო სავარუდოდ – ამ საუკუნის შუახანებში. დაახლოებით ამავე ეპოქას უნდა ეკუთვნოდეს ქუმის ეკლესიაც. ნაგებობის დასავლეთ ფასადზე არსებული სარკმლის საპირე და კარის პორტალი, ორნამენტის სტილური თავისებურებებიდან და ჩუქურთმის კვეთის ტექნიკური ხერხებიდან გამომდინარე, ცოტათი მოგვიანებით, სავარაუდოდ, XI ს-ში უნდა იყოს შესრულებული. მთლიანობაში ამ ფასადის პერნაგი, ვფიქრობთ, გვიანდელი გადაწყობის კვალსაც ატარებს.

+ფოტოგალერეა
  • qumi
+მეტამონაცემები