ელიაწმინდას წმ ელია

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ელიაწმინდას წმ. ელიას ეკლესია (41°43’12.69″N 42°57’17.54″ 1605 მ) ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში, სოფლის ჩრდილოეთით, მაღალ კლდეზე მდებარეობს. მისი ჩრდილოეთი ფასადი უშუალოდ ციცაბო კალთის პირასაა. ეკლესია საფუძვლიანადაა შესწავლილი ვ. ბერიძის მიერ (ბერიძე 1955, 195-6). დარბაზულ ეკლესიას მცირე ეკვდერი აქვს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთ კუთხისკენ. ეკვდერი, ვ. ბერიძის აზრით, ეკლესიის თანადროულია. ეკვდერში მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება მოხვედრა და მას საკუთარი აფსიდი აქვს. თავად ეკლესია ოდნავ უსწორო მოხაზულობის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. სამხრეთის კედელი ოდნავ ცერად მიდის და შენობა დასავლეთისკენ ოდნავ ვიწროვდება. მას განიერი ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდში ერთი სარკმელი და ერთი მაღალი თაღოვანი ნიშია მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს კიდევ ერთი პატარა უსწორო ფორმის თახჩაა. აფსიდისპირა თაღი ძალზე ფართოა, სუფთად ნათალი ქვით გამოყვანილი. აფსიდიპირა შვერილების კაპიტელები ტრაპეციის ფორმისაა, გაღუნული პროფილით, ხოლო დარბაზის გვერდითა კედლების დამანაწევრებელი თითო საფეხურიანი პილასტრის კაპიტელები ლილვით პროფილირებული თაროთია გაფორმებული. დასავლეთ კედლის თაღი შეკიდულია ასეთივე ლილვიან კონსოლებზე. კიდევ ორი კონსოლია ეკვდერში გამავალი კარის მარცხნივ, ბალავრის დონეზე, მაგრამ მათი ფუნქცია გაურკვეველია. თითო მაღალი სარკმელი გაჭრილია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში, შესასვლელი კი სამხრეთიდანაა, დასავლეთ სეგმენტში. მისი ღიობი ამჟამად გამონგრეულია. ინტერიერის კედლის წყობაში ჩატანებულია რამდენიმე ქვა წრეებიანი ორნამენტით. კედლის წყობაში რუხი ტონის ქვაა გამოყენებული. ქვა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია, თუმცა ძალზე მსხვილი არა. ასეთივეა ძალზე ფრაგმენტულად შემორჩენილი პერანგის კვადრები ფასადებზე. ეკლესიის ინტერიერი ფართოა, სივრცე – თავისუფალი. დარბაზის ზომების პროპორციული შეფარდება კვარდატთან ახლოსაა (უაფსიდოდ – 1:1,12). ეკვდერი მარტივი ფორმის სათავსია ერთი სარკმლით აფსიდში და გასასვლელით ეკლესიაში. ეკლესიის გარეთ რამდენიმე ჩუქურთმიანი ქვა ფიქსირდება (სარკმლის საპირის ორნამენტიანი ფრაგმენტები).
ეკლესიის შიგნით ნალესობის და მოხატულობის კვალია შემორჩენილი. ვ. ბერიძე უფრო მეტ ფრაგმენტს აღნიშნავს კონქში, გრძივ კედლებზე, კამარაზე და სხვ. მისი თქმით, საკურთხევლის ნაწილში განირჩეოდა ქრისტეს ფიგურა და წარწერა: მოციქული.
შენობის არქიტექტურული თავისებურებების, არქიტექტურული დეტალების ხასიათი, ჩუქურთმის კვეთის ხისტი და მშრალი სტილი ჩამოვარდნილი საპირის ფრაგმენტზე XIV-XV სს-ის ეპოქაზე, სამცხის ათაბაგთა აქტიურობის პერიოდზე მიუთითებს.

+ფოტოგალერეა
  • eliatsminda-st-elia
+მეტამონაცემები