დამალას სომხური

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. დამალას სომხური ეკლესია („სურბ ხაჩ“/წმ. ჯვრის) (41°34’36.63″N 43°17’13.62″E 1340 მ) XIX ს-ის პირველ ნახევარშია აგებული. სოფ. დამალას მოსახლეობის წინაპრები 1829-1830 წლებში ერზურუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხები იყვნენ. სურბ ხაჩის შესახებ ცნობები დაცულია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოსა და იმერეთის ეპარქიის კონსისტორიის ფონდში: ეკლესია პირველად მოიხსენიება 1840 წლის ცნობარში, შემდეგ – 1843 წელს. 1866 წლისთვის შენობა ჯერ კიდევ ხის ყოფილა, 1872 წლის აღდგენის შემდეგ იგი 30 ფეხის ნაბიჯის სიგრძის ქვით ნაგებ ნაგებობადაა მოხსენებული.
ეკლესია ბაზილიკურ ტიპს მიეკუთვნება (16,8 მ×10,55 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთ მხრიდან აქვს და ეს ფასადი სხვებზე უკეთესად დამუშავებული კვადრებითაა შემოსილი. მსგავსი თლილი ქვა გამოყენებულია ასევე სარკმლების საპირეებზე (სარკმლების რაოდენობა ყველა მხარეს სამ-სამია). კარის თაღოვანი მოჩარჩოების მარჯვნივ ჩასმულია ქვა სომხური წარწერით, რომელშიც საუბარია ეკლესიის განახლებს შესახებ 1872 წელს. დარბაზს აქვს აფსიდი და პასტოფორიუმები. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ნაგებობის თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს გადახურვის და ფრონტონის ძალიან დაბალი ქანობი. სახურავის კეხზე, დასავლეთ მხარეს, ოთხსვეტიანი სამრეკლოს ფანჩატურია დაშენებული. სამხრეთ ფასადის წყობაში ჩასმულია წარწერიანი ქვა (სავარუდოდ, XI ს-ის): `ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე გ(იორ)გი | გკამსა, ა(მე)ნ~.
ეკლესიის მიმდებარედ ძველი სასაფლაოა.

+ფოტოგალერეა
  • damala-armenian
+მეტამონაცემები