დუმეილა

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

დუმეილას ღვთისმშობლის ეკლესია ნიალის ველზე, ნასოფლარ ნიალის აღმოსავლეთით მდებარეობს, აგებულია IX ს-ში. ნაგებობა მარტივი დარბაზული ეკლესიაა გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით (ზომები – 5,77 მ X 10,23 მ). ფასადები შემოსილია ირეგულარული ფორმის და ზომის პირმოსწორებული ქვით, გადახურვა განახლებულია. ქვის ზომა მცირდება ქვევიდან ზემოთკენ, ფასადების კუთხეებში გამოყენებულია უფრო კარგად გათლილი კვადრები. ქვის წყობა პოლიქრომულია, ერთმანეთში შერეულია მოვარდისფრო-ქვიშისფერი და რუხი ბაზალტის ბლოკები. ფასადებს თაროსებრი კარნიზი გასდევს. ნაგებობა ცოკოლის გარეშეა აგებული.
ეკლესიის აფსიდი ღრმა, ოდნავ ნალისებრი ფორმისაა, მასში ორი ნიშია მოწყობილი, აფსიდის კედლის შვერილები მასიურია, ასეთივე მძლავრია ტრიუმფალური თაღი. ერთი წყვილი მარტივი პილასტრი და ერთი საბჯენი თაღი დარბაზს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს. კაპიტელები და იმპოსტები მარტივი ფორმისაა, მხოლოდ აფსიდისპირა სამხრეთი შვერილის იმპოსტი გაფორმებულია ბოლნური ჯვრებისა და სიცოცხლის ხეების მოტივით. კვეთა დაბალი, გრაფიკულია. ეკლესიაში შესასვლელი კარი გაჭრილია სამხრეთით, უშუალოდ პილასტრის მიმდებარედ. აფსიდში და დასავლეთ კედლეზე თითო სწორკუთხა ფორმის, წირთხლებგაგანიერებული სარკმელია.
საკურთხეველში შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტი, რომელზეც იკითხება წითელი ფერის, სინგურით შესრულებული კონტური. ხაზები ქვის წყობის რიგებს მიუყვება და არქიტექტურული მოტივის იმიტაციას ქმნის. როგორც ჩანს, მოხატულობა მხოლოდ კონქში იყო შესრულებული და ანიკონური ტიპის დეკორს წარმოადგენდა, რომლის მსგავსი გვხვდება გარდამავალი ხანის ნიმუშებში (მაგ., ქსნის არმაზი, წირქოლი, ერწოს სიონი და სხვ.).

+ფოტოგალერეა
  • dumeila
+მეტამონაცემები