| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ზიკილიას მეჩეთი (41°41’42.91″N 43°06’42.95″ E 968 მ) აგებულია 1899 წელს. შენობა კარგად გათლილი ქვებითაა ნაგები, შესასვლელი კარი და სარკმლები ფართო თაღოვან შვერილ მოჩარჩოებებაშია მოქცეული, რომლებიც მასიური კვადრების წყობითაა გამოყვანილი. მაღალი სარკმლების რაოდენობა ყველა ფასადზე ორ-ორია, გარდა ამისა, სახეზეა ფასადების ზედა ნაწილში გაჭრილი უფრო მცირე კვადრატული სარკმლებიც, რომლებიც საქალებო გალერეებს ანათებდა. ხის გალერეები და ხისავე მოჩუქურთმებული ბოძები ინტერიერში ნაწილობრივ შემონახულია, ისევე როგორც მოხატული ჭერი და გუმბათი. გალერეის ფიცრების მდიდრულ ხეზე ნაკვეთ ჩუქურთმებზე მწვანე-ოქროსფერი კოლორიტი ჭარბობს. გუმბათის კვადრატი თაბაშირის რელიეფური მცენარეული მოტივებითაა გაფორმებული. გუმბათის თეთრი ფონი მოხატულია ტრადიციული, კონცენტრულ წრეებად განლაგებული, დეკორატიული კომპოზიციით: ცენტრში ხეზე ნაკვეთი ვარდულია ჩასმული, მის გარშემო არე მოხატულია ნახევარმთვარეების გამოსახულებებით და ყვავილების გირლანდებით, შემდეგ არაბესკებში მოქცეული არაბული წარწერებია, მოხატულობის გარე წრე კი დრაპირების აკეცილი კიდეების იმიტაციას წარმოადგენს. მცენარეული წნულებით და მწვანე ფერითაა ორნამენტირებული ხის სვეტები, რომლებსაც აივანი ეყრდნობა. მიჰრაბის ნიში ასევე მწვანით იყო დაფერილი, საღებავის კვალი ახლაც შემორჩენილია. განირჩევა ნახევარმთავრის და ვარსკვლავების გამოსახულებები. ნიშის თავზე კედლეზე ნაძერწ ორნამეტულ ჩარჩოში ჩასმული წარწერებია.

