| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ბოგას წმ. გიორგის ეკლესია (41°42’44.86″N 43°01’43.52″E 1167 მ) სოფლიდან 1,5 კმ-ში მდებარეობს. ნაგებობა ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. მოზრდილი დარბაზული ეკლესიის ზომები დაახლ. 8 მ X 4,5 მ-ია. დარბაზული ნაგებობა ნაწილობრივ მიწაშია ჩასული, კამარა ჩამოქცეულია, კედლები სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი – ყველაზე მეტად შემონახულია ჩრდილოეთის კედლის რამდენიმე მონაკვეთი და დასავლეთის კედლის ჩრდილოეთი მხარე, აფსიდის კედელი და კონქის დასაწყისი. შესასვლელი სამხრეთ კედელში, მის დასავლეთ კუთხესთან ახლოს, პილასტრის უშუალოდ მიმდებარედაა გაჭრილი. სავარაუდოდ, თითო სარკმელი იყო აფსიდში და სამხრეთ და დასავლეთ მხარეს. ღრმა ნახევარწრიულ აფსიდს მხოლოდ ერთი პატარა ნიში აქვს და გეგმის სწორკუთხედშია ჩაწერილი. ნიშში ჯვრის გამოსახულებიანი ქვა დევს. დარბაზი პილასტრების ერთი წყვილით იყო დანაწევრებული. ჩრდილოეთის პილასტრი შემონახულია – მას მარტივი, ერთსაფეხურიანი ფორმა აქვს. სახეზეა კაპიტელიც, რომელიც ტრაპეციისებრი და სწორკუთხა ფორმებისგან შედგება და პროფილირებულია ჰორიზონტალური ლილვით. ინტერიერის კედლები უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები, უფრო სუფთად გათლილი მასიური ბლოკები გამოყენებულია პილასტრსა და აფსიდიპირა თაღზე, რომლის ფრაგმენტები აქვე ყრია. გარედან კედლის ნაშთებზე პერანგი სრულიად შემოცლილია. რამდენიმე არქიტექტურული თავისებურება – გეგმის სიმარტივე, კედლის წყობის ხასიათი, კარის განლაგება უშუალოდ პილასტრთან – შესაძლოა, ძეგლის IX-X სს-ში აგებაზე მიუთითებდეს, თუმცა მსგავსი დეტალები ზოგჯერ მოგვიანებით, განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურაშიც გვხვდება. არსებული ფრაგმენტული მასალა გადაჭრით რაიმეს თქმის საშუალებას არ იძლევა.
ადგილობრივების გადმოცემით, ბოგას სასაფლაოზე აგებულ თანამედროვე ეკლესიაზე ამჟამად განთავსებული წარეწრიანი ქვა ამ ნანგრევების სიახლოვეს უპოვიათ. წარწერა სააღმშენებლოა
(…[ღმრთისმშობ](ე)ლო (?) ხ|2…[დ]ა (?) ძეო მ|3… მეოხ ეყ|4[ავ] [ლიპარ]იტისძე|5[ს] (?) მ(ა)რკ(ოზ)ს|6 …სმ~პა და |7…ბა დღ(ე)სა |8 …სსა ამის|9[ს]ა აღმა|10[შენებელსა/თა] (?), ა(მე)ნ.|11…[მ]…)
და პალეოგრაფიული მონაცემებით XII-XIII სს-ით თარიღდება. თუმცა წარწერა თავად ეკლესიის დათარიღებისთვის მყარ არგუმენტს არ გვაძლევს: ის, შესაძლებელია, არც ეკუთვნის ამ ეკლესიას, ან ეკლესიისაა, მაგრამ მისი თანადროული არაა და ნაგებობის აღდგენაზე ან რაიმე სხვა სახის გადაკეთებაზე მიუთითებს.

