ბერთა (ორცეფის)

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ბერთას (ორცეფის) ნამონასტრალი სოფ. ურავლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხშირ ტყეში მდებარეობს. ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია შემონახული. მათ შორის გამოირჩევა სამეკლესიანი ბაზილიკა და მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე მანძილზე განლაგებული დარბაზული ეკლესია. ნამონასტრალი აღწერილია გ. ბოჭორიძის მიერ. სამეკლესიანი ბაზილიკიდან შემორჩა მთავარი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე, სამხრეთი კედლის ნაწილი, აფსიდი, კონქის ფრაგმენტი, ჩრდილოეთის იზოლირებული აფსიდიანი სამლოცველო და გარშემოსავლელის ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. კამარა მხოლოდ გვერდითა სამლოცველოზეა შემონახული, მთავარი ეკლესიის და გარშემოსავლელის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია, განადგურებულია დასავლეთის კედლები, ასევე გარშემოსავლელის სამხრეთი მხარე. შენობა მთლიანობაში კვადრატს მიახლოებული ფორმისაა (ზომები -10,2 მ X 9,5 მ). პერანგი თითქმის ყველაგან ჩამოცვენილია, მხოლოდ ჩრდილოეთის სამლოცველოს ინტერიერში შემორჩენილია კონქისა და კამარის წყობა, რომელიც კარგად გათლილი, ერთმანეთზე კარგად მორგებული, საკმაოდ თანაბარზომიერი კვადრებისგან შედგება. მთავარი ეკლესია პილასტრების ერთი წყვილითაა დანაწევრებული, განირჩევა ერთსაფეხურიანი პილასტრის კვალი ჩრდილოეთ მხარეს და აფსიდისპირა მარტივი შვერილი სამხრეთ მხარეს, თუმცა მათი ზუსტი მოხაზულობა, კაპიტელი და სხვ. დეტალები წაშლილია. აფსიდი ნახევარწრიულია, არ გააჩნია პასტოფორიუმები და ნიშები, სახეზეა ერთი სარკმლის ფრაგმენტი. აფსიდის წინ ჩრდილოეთის კედლის მონაკვეთი გამონგრეულია, ალბათ აქ ჩრდილოეთის სამლოცველოში გასასვლელი კარი იყო. ამ სამლოცველოს საკუთარი, ოდნავ ნალისებრი აფსიდი და მასში გაჭრილი ერთი სარკმელი აქვს. ამ პატარა აფსიდის წინ, ჩრდილოეთ მხარეს, გვირაბში შესასვლელია, გვირაბი, სავარაუდოდ, სოფელში ჩადის. სამხრეთი მხრიდან სამლოცველო იზოლირებულია სამმხრივი გარშემოსავლელისაგან, რომელსაც სამეკლესიანი ბაზილიკის გვერდითა ვიწრო ეკლესიები და დასავლეთის მონაკვეთი ქმნის. სამხრეთ ეკლესია ასევე აფსიდით სრულდებოდა, თუმცა ეს მხარე სრულიად დანგრეულია და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. ჩვენი რეკონსტრუქციის თანახმად, სავარაუდოა შესასვლელის არსებობა დასავლეთიდან გარშემოსავლელში და შემდეგ მთავარ ეკლესიაში. შესაძლოა, კიდევ ერთი კარი გადიოდა სამხრეთ ეკლესიიდან ცენტრალურში, პილასტრსა და დასავლეთის კედელს შორის. ალბათ სამხრეთ ეკლესიის აფსიდშიც სარკმელი იყო გაჭრილი. სამწუხაროდ, ფრაგმენტულად შემორჩენილი მასალა და მცენარეებით დაფარული ტერიტორია მეტის თქმის საშუალებას არ იძლევა.
სავარაუდოა, რომ ბერთას მონასტრის სამეკლესიანი ბაზილიკა IX-X სს-შია აგებული. სამცხესა და ბორჯომის ხეობაში აგებული ამ ტიპის ბაზილიკების უმეტესობა სწორედ ამ ეპოქით თარიღდება (ფოთოლეთი, ჩითახევი, ნეძვი, ლიკანი, ბერისსყდარი და სხვ.). შესაძლებელია, ბერთას ნამონასტრალის სამეკლესიანი ბაზილიკის ახლო პარალელს შოშხოთის ნაეკელსიარიც წარმოადგენდეს. ჩვენი აზრით, არქიტექტურული თავისებურებებიდან გამომდინარე (სამმხრივი გარშემოსავლელის ჩამოყალიბებული სახე, ორთაღიანი შესასვლელის არარსებობა და, შედეგად, გვერდითა ეკლესიების უფრო დამოუკიდებელი ხასიათი, ცენტრალური ეკლესიის, როგორც კომპოზიციის მაორგანიზებელი ელემენტის, გაზრდილი როლი, მისი გრძივი კედლების დანაწევრება პილასტრებით და სხვ.), ძეგლი სწორედ სამეკლესიანი ბაზილიკების X ს-ის ნიმუშებთან პოულობს.
ბერთას ნამონასტრალის მცირე, მარტივი სახის დარბაზული ეკლესია (ზომები – 4 მ X 2 მ) მთავარი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა განლაგებული. შენობა თლილი ქვით იყო ნაგები. მისგან მხოლოდ აფსიდალური ნაწილი შემორჩა, სადაც კედლის შიდა მხარეს სახეზეა თლილი კვადრების წყობა. კედელში ხეა ამოსული. აფსიდის მოხაზულობა ოდნავ წაგრძელებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია, ჩანს მცირედ გამოხატული აფსიდისპირა შვერილები. გარშემო მიმოფანტულია კერამიკული ფრაგმენტები (ჭურჭელი და მილები), იქვე, ჩრდილოეთ კედელთან, მიწისქვეშა საძვალეა.

+ფოტოგალერეა
  • berta-ortsepi
+მეტამონაცემები