| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. დამალას/ტამალას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს პატარა ხევის მარჯვენა ნაპირზე, მთის ფერდობზე. ეკლესია დარბაზულია (ზომები -12 მ X 9 მ). პერანგი თლილი ნაცრისფერი ქვისაა, კედლების ბირთვში კლდის ნატეხი ქვაა გამოყენებული. კვადრები მსხვილი, კარგად დამუშავებული და ერთმანეთზე ოსტატურად მორგებულია, თუმცა ზოგჯერ არაერთგვაროვანი ზომისაა. რუხ კვადრებში ალაგ-ალაგ უფრო თბილი ტონის მოვარდისფრო-ქვიშისფერი ქვა ერევა. ეკლესია მაღალ სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას და მონუმენტურ შთაბეჭდილებას ახდენს. განიერი კარნიზი პატარა თაღებითაა გაფორმებული. პატარა თაღებს ნალისებრი მოხაზულობა და პირის მხარეს მცირე ხაზობრივი პროფილი აქვს.დარბაზულ ეკლესიას სამხრეთიდან ემატება სტოა, ხოლო დასავლეთიდან – ნარტექსი, რომლებიც ფასადებს მთელ სიგრძეზე გასდევს. ნარტექსის და სტოას სახურავი ცალქანობაა, კიდევ ერთი მცირე სამლოცველო ჩრდილოეთის მხრიდან ფასადის აღმოსავლეთ ნაწილზეა მიშენებული, რაც ეკლესიის ვიწრო ფასადებს ბაზილიკურ ჭრილს ანიჭებს. დარბაზს შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით, ხოლო ჩრდილოეთით კარი გადის გვერდითა სამლოცველოში.
სამხრეთით სტოაა, რომელიც ორი თაღითაა გახსნილი. თაღები ძალზე დაბალ, მასიურ, მრგვალი ფორმის სვეტს ეყრდნობა. უზარმაზარი ტრაპეციისებრი კაპიტელის წიბოები ჩაჭრილია, ქვედა კუთხეები გირჩისმაგვარი დეკორატიული ელემენტებითაა მორთული.
ეკლესიის დარბაზს სამი სარკმელი აქვს აღმოსავლეთით, ერთი დასავლეთით და ერთიც სამხრეთით. ეკლესიის კამარა მთლიანად დანგრეულია, შერჩენილია მხოლოდ კონქი თითქმის ზენიტამდე. კონქში ნალესობის და ფრესკების კვალია, თუმცა რაიმეს გარჩევა შეუძლებელია. სახურავიდან ჩამოცვენილი ლორფინი ირგვლივ ტერიტორიაზე ყრია.
სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთზე სარკმელს სადა გადანაკეცებიანი წარბი და ზედ ჯვრის გამოსახულება აქვს. უფრო მდიდრულად გადაწყვეტილი აღმოსავლეთის სარკმელი შემკულია წრეებიანი გადანაკეცებიანი თავსართით და მასზე დაბჯენილი მედალიონში ჩასმული ტოლმკლავა ჯვრით. კიდევ ორი ჯვარი აქეთ-იქით დახრილადაა გამოსახული და თითქოს თავსართიდან ამოზრდილ რტოებზეა ამოსული.
დარბაზის შიდა სივრცე პილასტრების ორი წყვილითა და საბჯენი თაღებითაა დანაწევრებული. სივრცე მაღალი, ხალვათია. ნ. ჩუბინაშვილი ტამალას ეკლესიას VI ს-ის პირველი ნახევრით ათარიღებს, დ. თუმანიშვილი – გარდამავალი ხანით. ჩვენი აზრით, არქიტექტურული თავისებურები, სამშენებლო ტექნიკისა და დეკორის ხასიათი დამალის ეკლესიის VII-VIII სს-ით დათარიღების სასარგებლოდ მეტყველებს.

