ქარზამეთი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ქარზამეთის ეკლესია (41°20’27.43″N 43°07’15.87″E 1964 მ) ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზული ეკლესიაა საქართველოში (18 მ X 10 მ). ეკლესია დაუსრულებელია – როგორც ჩანს, მშენებლობა რაღაც მიზეზის გამო შეწყვეტილა. ამ აზრს გამოთქვამს როგორც ე. თაყაიშვილი, ისე ვ. ბერიძე. ეკლესიის ყველა კედელი ერთ სიმაღლეზე, დაახლოებით 2 მ-ზეა ამოყვანილი. მათი წყობა თბილი მოყვითალო ტონის, დიდი ზომის, კარგად გათლილი კვადრებისაგან შედგება. სამხრეთის შესავლელის ტიმპანში სააღმშენებლო წარწერაა:
:წ: ქ~ე ღ~ო: შ~ე
გგ~ლ. მ~წლ.
მ~სი: რის~ა.
ბ~ბითა. აღეშე
ნა: წ~ჲ ესე: ეკ~ლსჲ:.
`წ. ქ(რისტ)ე, ღ(მერთ)ო, შ(ეიწყალ)ე | გ(რი)გ(ო)ლ მ(ა)წ(ყუერე)ლ | მ(თავარებისკოპო)სი, რ(ომლ)ისა | ბ(რძანე)ბითა აღეშე|ნა წ(მიდა)ჲ ესე ეკლ(ე)ს(ია)ჲ.
ეკლესია დარბაზულია, სივრცე დანაწევრებული ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით. საკურთხეველში, რომელსაც ღრმა, ოდნავ ნალისებრი ფორმა აქვს, ორი მრგვალი კვეთის მქონე ნიშია. დამატებითი სათავსები არაა. ეკლესიაში შესასვლელები გაჭრილია დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს. დასავლეთი კარი დღეს ამოქოლილია. მისი პორტალი ფლანკირებული იყო პილასტრებით. პილასტრების ჯვრისგამოსახულებიანი კვადრატული კაპიტელები ჰქონდა, ხოლო ტიმპანზე ორი გოლგოთას ჯვარის რელიეფური გამოსახულება იყო. ეკლესიის სამხრეთ მხარეს არსებულ კარს შეწყვილებული ლილვებით მოჩარჩოებული, ორნამენტირებული, ტიმპანით დაგვირგვინებული პორტალი ჰქონდა. ტიმპანის ნახევარწრიული ქვა ამჟამად ჩამოვარდნილია და იქვე გდია, მასზე მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვარია გამოსახული, აქვეა ამოკვეთილი სამშენებლო წარწერაც. ე. თაყაიშვილი ძეგლის აგების თარიღად XIV ს-ს მიიჩნევდა, ვ. ბერიძე – XIII ს-ის მიწურულს.

+ფოტოგალერეა
  • qarzameti
+მეტამონაცემები