| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ჭობარეთის ღვთისმშობლის ეკლესია შემორჩენილია მცირეოდენი ფრაგმენტების სახით. სახეზეა აღმოსავლეთ კედლის ნაწილი კონქით, დასავლეთ კედლის ფრაგმენტი, მინაშენის კედლის ნაწილი სამხრეთ მხარეს და სხვა მცირე ნაშთები. გეგმის მოხაზულობა საკმაოდ კარგად იკითხება. სავარაუდოა, რომ ნაგებობა სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენა, კონკრეტულად – ამ არქიტექტურული ტიპის მესამე ეტაპის ნიმუშებს, რომელშიც გვერდითა ეკლესიები დასავლეთით არსებულ დამატებით სივრცესთანაა შერწყმული და სამმსხრივ გარშემოსავლელს ქმნის ცენტრალური ეკლესიის გარშემო. ჭობარეთის ეკლესიის ცენტრალური ეკლესია მარტივი სახისაა, სწორკუთხა ფორმის სივრცე ნახევარწრიული, გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით ბოლოვდება. შემორჩენილ ფრაგმენტებზე არ ფიქსირდება პილასტრები, აფსიდის შვერილები და სხვა დეტალები. აფსიდში ერთი სარკმელია. შეუძლებელია იმის თქმა, სად იყო გაჭრილი კარი. გარშემოსავლელი ორივე მხარეს მცირე აფსიდებითაა დაბოლოებული. აქაც შეუძლებელია იმის თქმა, იყო თუ არა აღმოსავლეთ მონაკვეთებში გამოყოფილი პასტოფორიუმები ან ეკვდერები, თუ გარშემოსავლელს უწყვეტი, ერთიანი სახე ჰქონდა. არ ფიქსირდება კარ-სარკმელთა განლაგება. ასევე შეუძლებელია იმის თქმა, წარმოადგენდა თუ არა გარშემოსავლელის სამხრეთი მხარე სტოას, რადგან სვეტის ან კაპიტელის ფრაგმენტი ირგვლივ არ ჩანს. კედლის წყობა სამცხე-ჯავახეთის ხუროთმოძღვრებისათვის ტიპური ირეგულარული, პირმოსწორებული კვადრებისგან შედგება. გეგმის და სამშენებლო ტექნიკის თავისებურებებიდან გამომდიანარე, ვფიქრობთ, ძეგლი IX ს-ით შეიძლება დათარიღდეს.
