უდეს კათოლიკური

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (41°38’22.64″N 42°47’29.30″E 1200 მ) აგებულია 1901-1909 წლებში ქართველი კათოლიკეების მიერ ძველი მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილზე. უდეში ჯერ კიდევ 1845 წელს ჩამოსულ მ. ბროსეს ამ ეკლესიის ნუსხური წარწერა განადგურებული დახვედრია. პ. უვაროვას არაზუსტი აღწერილობით, ეკლესია, სავარუდოდ, დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა. პ. უვაროვა აღწერს ორფერდიან, კრამიტით შემოსილ, სახურავს, ძლიერ გადაკეთებულ ფასადებს, კედლებში ჩართულ, მეორადად გამოყენებულ ჩუქურთმიან ქვებს და ნაგებობის მთლიანად განახლებულ დასავლეთ ნაწილს (ძლიერ დაზიანებული ეკლესია 1860 წელს აღუდგენიათ). პ. უვაროვა საუბრობს ასევე რელიეფებზე, მათ შორის – იონას და ურჩხულის გამოსახულებაზე, ასევე ჩვილედი ღვთისმშობლის რელიეფზე. აქვე ყოფილა სამრეკლო, რომელიც ტაძარზე უკეთესად იყო შემონახული. სამრეკლოს კედლებში ორნამენტიანი ქვები იყო ჩატანებული. ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯში ყოფილა კიდევ ერთი, წმ. გიორგის სახელობის, მცირე ეკლესია. ამჟამად არსებული ტაძრის კედლის წყობაში ალაგ-ალაგ ჩატანებული ფრაგმენტების ორნამენტის რეპერტუარის და კვეთის თავისებურებებით თუ ვიმსჯელებთ, ძველი ეკლესია XIV ს-ის უნდა ყოფილიყო.
ეკლესია სპეციალურ სუბსტრუქციაზე დგას. კედლები ნაგებია კარგად თლილი, მოვარდისფრო და ნაცრისფერი ქვის კვადრებით. წყობაში განირჩევა ჩუქურთმიანი ქვები, რომლებიც შუა საუკუნეების ტაძარს უნდა ეკუთვნოდეს. დიდი ზომის ნაგებობა გუმბათიანი ბაზილიკას წარმოადგენს, თუმცა გარკვეული მსგავსება ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ ჯვარგუმბათიან არქიტექტურულ ტიპთანაც აქვს. მის კორპუსს მკაფიოდ გამოვლენილი ლათინური ჯვრის მოხაზულობა აქვს, დაგრძელებული დასავლეთი სამნავიანი ნაწილით, რომელსაც მკაფიო ბაზილიკური ჭრილი გააჩნია. აფსიდი შვერილია, ხუთწახნაგა ფორმის, ტრანსეპტის მკლავები მოკლეა, თუმცა მაინც მკაფიოდაა გამოვლენილი შენობის საერთო მასებში, რაც ევროპულ ტრანსეპტიან ბაზილიკებთან მსგავსებას კიდევ უფრო აძლიერებს. თუმცაღა გუმბათის და მისი თორმეტწახნაგა ყელის ფორმა და პროპორციები ტიპურია ქართული საეკლესიო არქიტექტურისათვის ისევე, როგორც მკაფიოდ გამოვლენილი გუმბათქვეშა კვადრატი. ტრანსეპტის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავების გადახურვის აღმოსავლეთ ქანობებზე სამრეკლოებია დაშენებული. ფასადები მორთულია სწორკუთხა შვერილებითა და თაღედით. დასავლეთ ნაწილის გრძივ ფასადებზე, სამმალიანი თაღედის თითო მალაში მოქცეულია ორ-ორი მაღალი თაღოვანი სარკმელი (თაღების თავზე დამატებით კიდევ თითო მცირე ლუნეტისმაგვარი სარკმელია). ტრანსეპტის სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ფასადებზე თითო თაღში სამმაგი სარკმელია მოქცეული. დასავლეთ ფასადზე გამოირჩევა სამმაგი პორტალი სამი კარით, რომელთა თაღოვანი მოჩარჩოება ერთმანეთისგან სწორკუთხა ბრტყელი შვერილებით გამოიყოფა. ამრიგად, პორტალების, სარკმლების და შვერილების სისტემა ფასადებზე ასევე ევროპული საეკლესიო არქიტექტურის ნორმებითაა ნაკარნახევი. შიდა სივრცის წყობა ასევე შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ევროპული და ტრადიციული ქართული სტილის ნაზავი: აღსანიშნავია მასიური ბურჯების და ფართო თაღების რიტმი, თაღების წყობაში მუქი და ღია ფერის კვარდების მონაცვლეობა, რაც ერთგვარად რომანული ბაზილიკის ფორმების ასოციაციას იწვევს, მკაფიოდ გამოვლენილი ლონგიტუდინური გეგმა, ტრანსეპტის მთავარი პერპენდიკულარული მონაკვეთი და სხვ. აფსიდის აქეთ-იქით დამატებითი ოთახები და მათზე მოწყობილი სამსარკმლიანი პატრონიკეებია. დამატებითი იარუსებია ასევე ტრანსეპტისა და კორპუსის კამარების თავზე, ამიტომ თაღები დაბალი და განიერია. მათი დამჯდარი პროპორციები კიდევ უფრო აძლიერებს სიმძიმის შეგრძნებას. გუმბათქვეშა კვადრატი სრულდება პროფილირებული სარტყლით, გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. ინტერიერის ძველი დეტალებიდან დარჩენილია ქვაში გამოთლილი ოთხი ნიჟარა წმინდა წყლისათვის.
ინტერიერის მოხატულობა თანამედროვეა (მხატვარი გ. ჩიქოვანი). ტაძარში დაცულია მცირე რელიეფური ფილა ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელიც სტილური ნიშნებით X ს-ით თარიღდება.
როგორც აღინიშნა, 1886 წელს პ. უვაროვა კათოლიკური ეკლესიის ადგილზე ბაზილიკურ ეკლესიას მოიხსენიებს. გ. ბოჭორიძის მიხედვით, „ახლანდელი ღვთისმშობლის (დიდი ახალი) ეკლესიის ადგილას ძველად ძველი შენობა (ეკლესია) ყოფილა. მისი მასალა ახლისათვის შეუხმარიათ“. გ. ბოჭორიძის მიერ გამოთქმული მოსაზრება კიდევ ერთხელ დოკუმენტურად დადასტურდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც წინამდებარე პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ უდეს ღვთისმშობლის ეკლესიას. მისი დათვალიერების დროს ჩვენი ყურადღება მიიქცია ტაძრის ინტერიერში, ჩრდილოეთ პილასტრის ძირში ჩადგმულმა ქვამ თავ-ბოლონაკლული წარწერით:
…ოს~ნე ს~ლსა ფრ~სმნსა]…
წარწერის გადარჩენილ ნაწილში გარკვევით იკითხება: „უნსნე სლსა ფრსმნსა“, რაც შეიძლებაშემდეგნაირად წავიკითხოთ: [უ(ფალ)ო, გ(ა)ნ(უ)]ს(უე)ნე ს(უ)ლსა ფ(ა)რსმ(ა)ნ(ისა)სა…“. წარწერას ჴ-ჴჲ სს-ის მიჯნით ვათარიღებთ. სწორედ ამ პერიოდის ჩორჩანელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი უნდა იყოს წარწერაში მოხსენიებული ფარსმანი.

ტაძრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ გრიგოლ ქურციკიძესთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ 2018-2019 წლებში სახურავის დაზიანების გამო ტაძარში წყალი ჩადიოდა, რის შედეგადაც კათოლიკეების მიერ ჴჴ ს-ის დასაწყისში შელესილი კედლებიდან ჩამოშლა დაიწყო ბათქაშის ფენამ. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ერთ-ერთ სვეტის ძირში გამოჩნდა წარწერიანი ქვა, რომელსაც აშკარად მეორადად იყო გამოყენებული. თუ წარწერის ჩვენეული წაკითხვა („[უ(ფალ)ო, გან(უ)ს(უე)]ნე ს(უ)ლსა ფ(ა)რსმ(ა)ნ(ი)ს(ას)ა…“) სწორია, მაშინ გამოდის, რომ წარწერის შესრულებულის დროს, ჴ-ჴჲ სს-ის მიჯნაზე, ფარსმან ჩორჩანელი უკვე გარდაცვლილია. წარწერის ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, ძნელია გადაჭრით თქმა, ჩორჩანელთა ფეოდალური საგვარეულოს რომელი წარმომადგენელი ფარსმანი უნდა გავაიგივოთ ახლადგამოვლენილ წარწერაში მოხსენიებულ ფარსმანთან. აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს უდეს სტელის წარწერა, რომლის ტექსტიც მოგვყავს მისი ბოლო გამომცემლის, ვ. სილოგავას, მიხედვით: „წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, დედაო ღმრთისაო, მეოხ ეყავ სულსა ფარსმანისა და სულსა მანანისა. ესე არს გაბრიელ ანგელოზი, რომელი ეტყÂს: „გიხაროდენ, მიმადლებულო“. თუ ერთმანეთს შევადარებთ უდეს სტელისა და ჩვენს მიერ მიკვლეული სავედრებელი წარწერის მოხაზულობას, მათი მსგავსების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორივე მათგანში მოხსენიებული ფარსმანი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.

2012 წელს ეკლესიის ირგვლივ გაშენდა სამონასტრო კომპლექსი: გალავანი, კელიები, სატრაპეზო, სენაკები, გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრეკლო, რომლის საძირკველშიც ხანძთიდან ჩამოტანილი ეკლესიის ქვებია ჩატანებული, მიეწყო ტაძართან ასასვლელი ქვის კიბე, დაიგო ფილები ეზოში, შეიცვალა ეკლესიის სახურავი. მშენებლობების დროს ტაძრის გარშემო აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების დეტალები და საფლავის ქვები.

+ფოტოგალერეა
  • ude-catholic
+მეტამონაცემები