ხარჯამის მეჩეთი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

სოფ. ხარჯამის მეჩეთი (°41’46.17″N 42°50’59.90″E 1185 მ) თარიღდება XIX ს-ით. მეჩეთი სამცხის ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი კვარდატული ნაგებობაა ოთხქანობა გადახურვითა და ხახვისებრი გუმბათით ცენტრში, მინარეთის კოშკი სახეზე არაა, ხოლო ფასადების მთავარ აქცენტს აქაც მაღალი თაღოვანი სარკმლები წარმოადგენს (მათ შორის არის ცრუ სარკმლებიც ჩრდილოეთ მხარეს). ნაგებობის კომპოზიციაში გვხვდება ნეოგოთიკის სტილისათვის დამახასიათებელი ელემენტები – ლანცეტისებრი ისრული სარკმლები. ეს ელემენტი ნაგებობას ჯოვანი სკუდიერის მიერ აგებულ ჯუმა მეჩეთთან (1846-1851, გადაკეთებული 1895-ში) ანიჭებას გარკვეულ მსგავსებას, თუმცა თბილისის მეჩეთი აგურის, წაგრძელებული ფორმის შენობაა საფეხურისებრი რიზალიტით, რომლის კომპოზიციაში გამოირჩევა მასიური და მხატვრულად მეტყველი ოქტოგონალური ფორმის მინარეთი. ნეოგუთური დეტალებიდან მასში აღსანიშნავია მაღალი ისრული ფანჯრების და წრიული ლუნეტების რიტმი. სარკმლების ისრულ ფორმას კიდევ უფრო უსვამს ხაზს ქვის წყობით გამოყვანილი თავსართები და დეკორატიული ცხაურები, რომლებიც ვიტრაჟის იმიტაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოდა ნეოგოთიკაზე XIX საუკუნის მიწურულის ოსმალეთის იმპერიის არქიტექტურასაც ახასიათებს და, როგორც ჩანს, ხარჯამის მეჩეთიც ამ ტენდენციების გარკვეულ გამოძახილს წარმოადგენს. ასეთია, მაგალითად, სტამბოლში აბდულ ჰამიდ II-ის მიერ აგებული ე. წ. ილდიზ ჰამიდიეს მეჩეთი, რომელიც ნეოგუთური და კლასიკური ოსმალური სტილების ეკლექტურ შეერთებას წარმოადგენს.
ჩრდილოეთის მხარეს ხარჯამის მეჩეთს აქვს ელემენტი, რომელიც სამცხის ჩვენთვის ცნობილ არც ერთ მეჩეთში არ ფიქსირდება – ესაა კარიბჭე, რომლის კომპოზიციაში მავრიტანული სტილის ელემენტებს ვხედავთ: კოშკურებს გეომეტრიული ორნამენტებითა და რთული ფორმის თაღედით, მერლონებს და მათზე მოთავსებულ მოხატულ კერამიკულ ფილებს (სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ასეთი ფილაა შემორჩენილი) და სხვ. მთავარი შესასვლელის თავზე, ქვის ბლოკებში დარჩენილია ვარსკვლავისა და წრეების სახის ამოკვეთილი ფორმები, სადაც, ვფიქრობთ, ასეთივე კერემიკული ფილები იყო მოთავსებული. ამრიგად, ხარჯამის მეჩეთის კარიბჭეზე სახეზეა მავრიტანული სტილის ყველაზე გავრცელებული, ძირითადი დეკორატიული ელემენტები: თაღედი, ფესტონები, კარნიზები, კვეთილი გეომეტრიული ორნამენტი, ფერადი კერამიკული ფილები და სხვ. მავრიტანული სტილის გავრცელების ფაქტი XIX ს-ის II ნახევრის და XX-ის დასაწყისის საქართველოში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებში საყოველთაოდ ცნობილია და მიჩნეულია ისტორიზმის პერიოდის ერთ-ერთ პოპულარულ რეტროსპექტულ სტილად. თუმცა ხშირად არ ექცევა ყურადღება იმას, რომ მავრიტანული სტილი პოპულარული იყო ხსენებული ეპოქის ოსმალეთის იმპერიაშიც, როდესაც მაღრიბული კულტურის ელემენტები ფართოდ იჭრება მაშრიყის ქვეყნების ხელოვნებაში. ხარჯამის მეჩეთის კარიბჭის შიგნით კიდევ ერთი აღსანიშნავი დეტალი უკვე ქართული ხალხური ხის არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. ესაა მართკუთხა საფუძველზე ამოყვანილი კუთხური წყობის ოთხსაფეხურიანი გვირგვინული გადახურვა. მესხური დარბაზის ტრადიციული ელემენტი ცენტრში ნაკვეთი ორნამენტებით მორთული პლაფონითაა დეკორირებული (ღიობის გარეშე). (მაგ., ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭალატყეში მაისურაძეების სახლში და სხვ.) მესხეთში მეჩეთების არქიტექტურაში, როგორც ჩანს, ასეთი კონსტრუქციები საკმაოდ გავრცელებულია. საფეხურებიანი გვირგვინისებრი წყობის დეკორატიული იმიტაციის მაგალითები სახეზეა ხარჯამის მეჩეთის მთავარი დარბაზის ინტერიერშიც, სადაც გუმბათის გვერდითა სეგმენტები სწორედ ასეთი ხის დეკორატიული, ცენტრში მოჩუქურთმებული პლაფონიანი კონსტრუქციებითაა გაფორმებული (მსგავსი ელემენტები გვხვდება ქიქინეთის, დიდი სმადას, ზიკილიას მეჩეთებშიც. ამრიგად, ზემოთთქმულის ფონზე სოფ. ხარჯამის მეჩეთი კიდევ უფრო მრავალფეროვანი სინთეზის ნიმუშად წარმოგვიდგება.

+ფოტოგალერეა
  • kharjami-mosque
+მეტამონაცემები