სოფ. ლიხნის ეკლესია

×აღწერილობა

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლიხნი.
კომპლექსში შემავალი ნაგებობა: გუმბათიანი ტაძარი.
ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: ლიხნის ტაძარი – X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, აღმართულია სოფელ ლიხნის შუაგულში. იგი ნაგებია კარგად გათლილი კვადრების სწორი რიგებით. მომცრო ზომის გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს. დასავლეთით მოწყობილია პატრონიკე. ფასადები სადაა, ზედაპირებს ანაწევრებს მხოლოდ სარკმლის ღიობები. აღმოსავლეთით გამოდის სამი შვერილი აფსიდი. ლიხნის ტაძრის შესახებ ძირითად ისტორიულ წყაროს წარმოადგენს მისი ხუროთმოძღვრება და ფერწერა. ლიხნის ტაძარში შემორჩენილია როგორც X-XI საუკუნეების, ასევე XIV საუკუნის მოხატულობის კვალი. ისინი გამოირჩევიან ფაქიზი კოლორიტით, რამდენადმე წაგრძელებული ფიგურების დინამიურობითა და ექსპრესიულობით. ლიხნის ტაძრის სიძველეები პირველად აღწერა ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ, რომელმაც ტაძრის კედლებიდან გადმოიწერა რამდენიმე ქართული წარწერა, მათ შორის, ცნობა 1066 წლის კომეტის გამოჩენის შესახებ, რომელზეც კიევის სამთავროს მატიანე და ერთ-ერთი ჩინური ქრონიკაც გვაწვდის ინფორმაციას.
რუსეთ-საქართველოს ომამდე, ლიხნის ტაძარში დაცული იყო 17-ზე მეტი ქართული ფრესკული წარწერა, ასევე ბიბლიური სიუჟეტები, წმინდანთა გამოსახულებები ქართულ-ბერძნული განმარტებითი წარწერებით, მათში მოიხსენიებდნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს: ბაგრატ IV-ს, გიორგი II-ს და სასულიერო პირებს.
ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.
თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაგებობა და ეკლესიის მოხატულობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. 2010 წელს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო საკონსერვაციო სამუშაოები, ძეგლზე გარედან დაამონტაჟეს დროებითი გადახურვა. სამუშაოები მიმდინარეობდა პროფესიონალი რესტავრატორების გარეშე, რის გამოც არსებობს ძეგლის ავთენტურობისა და მასზე შემორჩენილი ისტორიული კვალის წაშლის საფრთხე.

ლიხნის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

×ფოტოგალერეა
+კლასიფიკაცია