ჯაბიეთი

×დაწვრილებით
ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ნასოფლარ ჯაბიეთის ბეთლემის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, რომელიც გართულებულია რამდენიმე მინაშენით. ეკლესია ტყეში მდებარეობს, ნანგრევებზე ამოსულია მცენარეები, კედლები ნაწილობრივ მიწითაა დაფარული, განსაკუთრებით ღმადაა ჩასული ნიადაგში აღმოსავლეთი მხარე. კამარები ჩამოქცეულია, ძლიერაა დაზიანებული კედლებიც.
ეკლესიის დარბაზი ერთი წყვილი მარტივი ფორმის პილასტრითაა დანაწევრებული. პილასტრები ზუსტად სიმეტრიულად არაა განლაგებული, შესაბამისად, კამარის საბჯენი თაღიც დანგრევამდე ოდნავ აცდენილი იყო ღერძს. პილასტრები თითქმის მთლიანაადაა შემონახული – ისინი საკმაოდ მასიურია და ასეთივე მსხვილი, მოუხეშავი, დორიულისმაგვარი სვეტისთავებით ბოლოვდება. მათზე გადაყვანილი გრძივი კედლის დამანაწევრებელი თაღები ასევე მასიურია, დასავლეთ კედლისკენ გადაყვანილი თაღები შეკიდულია და მარტივი პროფილის მქონე იმპოსტები აქვს. დასავლეთ მხარეს კარი და ერთი სარკმელია (ნაწილობრივ შემორჩენილი), ერთი სარკმელია საკურთხეველშიც. აფსიდი და კონქი საკმაოდ დაზიანებულია. საკურთხევლის ჩრდილოეთ მხარეს და ჩრდილოეთ გრძივ კედელში ღიობებია გაჭრილი, საიდანაც ჩრდილოეთით არსებულ მინაშენში შეიძლება მოხვედრა. აფსიდის შვერილები ძალზე მასიურია, ასეთივეა აფსიდისპირა თაღის ფილისებრი იმპოსტებიც. სიმეტრია აქაც არაა დაცული და აფსიდისპირა თაღი ოდნავ ცერადაა განლაგებული.
ეკლესიას ჩრდილოეთიდან სწორკუთხა ფორმის მინაშენი აქვს (მისი აღმოსავლეთი ნაწილი დანგრეულია და მიწითაა დაფარული, ამიტომ მის დანიშნულებაზე და თავდაპირველ ფორმაზე საუბარი ძნელია). ამ სწორკუთხა მინაშენის მომიჯნავედ, დასავლეთით, კიდევ ერთი სწორკუთხა სათავსია ორ ნაწილად გაყოფილი ინტერიერით და ორი ნიშით, ხოლო მთავარი ეკლესიის დასავლეთ ფასადზე მიდგმულია შეკრული კამარით გადახურული კვადრატული ფორმის კარიბჭე. მისი წინა, დასავლეთი მხარე, დიდი თაღითაა გახსნილი, ჩრდილოეთი კედელი კი გამონგრეულია. ეკლესიაში განირჩევა ნალესობის და მოხატულობის ფრაგმენტები – კერძოდ, ადამინის ფიგურის ფრაგმენტი დასავლეთ სარკმელზე, წითელი და მწვანე დრაპირება ამავე კედელზე, კარის მახლობლად. რადგან ფრაგმენტები დასავლეთ მხარესაა, უნდა ვივარაუდოდ, რომ ეკლესია მთლიანად ყოფილა მოხატული. ბეთლემის ეკლესიის აგების თარიღად მიჩნეულია XIV ს.

+ფოტოგალერეა
  • jabieti
+მეტამონაცემები