ოპიზა

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ოპიზა იყო პირველი სამონასტრო ცენტრი საქართველოში. ქართლის ცხოვრების მიხედვით ოპიზის მონასტრის დაარსება ვახტანგ გორგასალის ეპოქას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად ოპიზას ინახებოდა წმ. იოანე ნათლისმცემლის ხორხი.

გიორგი მერჩულის მიხედვით ოპიზას გაჩერდა თავდაპირველად გრიგოლ ხანძთელიც და ოპიზელი მამები დახმარებიან მას ხანძთის მონასტრის მშენებლობაში.

კლარჯეთის კლდოვან მთებს შუა მდებარე ოპიზის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა შენობებისგან შედგებოდა. დღეს შემორჩენილია დიდი ეკლესიის ნანგრევები, რომელიც XX საუკუნის მეორე ნახევარში გზის მშენებლობის გამო აუფეთქებიათ. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, გუმბათი ჯვრულად განლაგებული მკლავების კუთხეებს ეყრდნობა, აღმოსავლეთით პასტოფორიუმებია. დასავლეთის მკლავი გრძელია და 5-ჯერ აღემატება გვერდით მკლავებს სიგრძეში.

ოპიზის ეკლესია კარგად გათლილი ქვით იყო მოპირკეთებული, გუმბათს თაღნარი ამკობდა, საბურველი კი ე.წ. ქოლგისებური ჰქონდა.

თბილისის ეროვნულ მუზეუმში ინახება რელიეფი ოპიზიდან, რომელზედაც ეკლესიის მაშენებელი ქტიტორი და ბიბლიური დავითი გამოისახება. ჯობაძის თანახმად ამ ეკლესიის შენება X საუკუნის დასაწყისში უნდა განხორციელებულიყო.

ეკლესიის დასავლეთით მდებარეობს ნანგრევები სამონასტრო ნაგებობებისა, მათ შორის გამოირჩევა უშველებელი ქვებით ნაშენი და კამარებით გადახურული სამონასტრო ნაგებობა. აქვეა სამრეკლოს ნანგრევები, ხოლო ქვედა დონეზე ნახევრად დამარხული სხვადასხვა სათავსია, მათ შორის სამარხი აკლდამები.

+მეტამონაცემები