ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
კარჩხალას ხეობის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი, ციცაბო კლდის ქიმზე ამოყვანილ სუბსტრუქციაზე აგებულია IX ს-ის ორნავიანი ბაზილიკა – ნუკას საყდარი.
ეკლესია ჩრდილოეთის მხრიდან კლდის ფერდს ეკვრის და ნაწილობრივ მასშია ნაკვეთი. ეკლესიის ქვეშ, დასავლეთ ნაწილში სკრიპტაა.
ეკლესიის მთავარი ნავი აფსიდით სრულდება. მისგან სამხრეთით მდებარე ტრაპეციული ფორმის ვიწრო ნავი ერთ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი თაღედითაა გამოყოფილი. სამხრეთის ნავი ტრაპეციული ფორმისაა (დასავლეთით – ვიწრო, ხოლო აღმოსავლეთით – ოდნავ გაშლილი) და სრულდება პასტოფორიუმით. საკურთხევლის ჩრდილოეთით კლდეში შეჭრილია მეორე პასტოფორიუმი, რომელსაც ორი შესასვლელი აქვს. ერთი – დარბაზიდან, ხოლო მეორე – საკურთხევლიდან.
აღმოსავლეთიდან ეკლესიას 3 სარკმელი აქვს, სამხრეთიდან – ერთი, ხოლო დასავლეთ კარის თავზე ერთი, ვერტიკალურად შეწყვილებული სარკმელია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ ღრმა თაღოვანი ნიშაა.
მთავარ ნავს ორფერდა გადახურვა აქვს, ხოლო სამხრეთ ნავსა და ჩრდილოეთ პასტოფორიუმს – დაბალი, ცალფერდა, ამიტომ ნუკას საყდარი აღმოსავლეთის მხრიდან სამნავიან ბაზილიკად აღიქმება.
ეკლესია ნაგებია უხეშად ნატეხი, ადგილობრივი კლდოვანი ქვით, რის გამოც განსაკუთრებულად ერწყმის გარემოს.