ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
გუმბათიანი მცირე ზომის ეკლესია ისტორიულ კლარჯეთში. ტიპოლოგიურად მიეკუთვნება ე.წ. გუმბათიანი დარბაზის ტიპს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ საკურთხევლისთვის აფსიდი არ გააჩნია. დასავლეთით კი აქვს მიდგმული კარიბჭე, საიდანაც ერთადერთი კარია გაჭრილი. გუმბათი ეყრდნობა განივ კედლებზე მიდგმულ შვერილებს. გუმბათის წრეზე გადასასვლელ კონსტრუქციას აფრები შეადგენს. გუმბათის ყელი წრიულია და ოთხი სარკმელი აქვს გაჭრილი. ყოველ კედელში კიდევ თითო სარკმელია. ეკლესიის კედლები დაბრეცილია, რაც პავლინოვის გეგმაზე არ ჩანს. ნაგებია ცუდად ნათალი ქვით, გუმბათის ამოსაყვანად გამოყენებულია აგურიც. ფასადები კი მთლიანად მოპირკეთებული იყო სწორ რიგებად დაწყობილი ქვით. პერანგი დიდწილად მოფლეთილია.
ეკლესია შელესილია და მთლიანად დაფარულია მხატვრობით. აფრებში ოთხი მახარებელია, გუმბათის ყელში, სარტყელზე წმინდა მამაები, ტაძრის სხვა კედლებზე საუფლო სცენებია, დასავლეთ კედელზე კარგად ჩანს “საყდარი გამზადებული”, აღმოსავლეთით თაღში კი იშვიათი იკონოგრაფია გვხვდება “მართალთა სულები უფლის ხელშია”. წმინდანთა სახეებს თუ სცენებს განმარტებითი წარწერები აქვს ქართულ და ბერძნულ ენებზე. სამხრეთ კედელზე სავედრებეული ასომთავრული წარწერებია. ეკლესიის მოხატულობა 15 საუკუნის მიწურულით თარიღდება.
ეკლესიის შენების ხანაც ბევრად ადრეული არ უნდა იყოს და XV საუკუნეს უნდა მივაკუთვნოთ.