ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
ხოდურეთის ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე სრულიად უცნობი იყო. ეს პატარა, დარბაზული ტაძარი ერუშეთში, არდაჰანის ილში, სოფელ ორშეთში, პატარა შემაღლებულ გორაკზე მდებარეობს.
ეს მინიატურული ზომის ტაძარი დას-აღ-ით წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს. დაახლოებით 7 მეტრი 4.5 მეტრზე, ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრებით, რომლებიც სწორ რიგებად არის დაწყობილი. თითო-თითო სარკმელია აღმოსავლეთ აფსიდში და დასავლეთის კედელში. ცილინდრული კამარა დაუზიანებელია. შესასვლელი ერთი, სამხრეთით. აფსიდის წინ განივ კედლებში შედგმული სამღარიანი ქუსლია, რომელიც იკავებს აფსიდისწინა თაღს. ინტერიერის მოსაპირკეთებელი ქვები მთლიანად დაცულია. თუმც დაზიანებულია კარ-სარკმელთა წირთხლები. აღმოსავლეთი კედლის წინ სარკმლის თავსართის ქვა გდია, რაზედაც გამოსახულია ჯვარი, მის აქეთ-იქეთ კი ორი მოზრდილი დისკოა, მარცხნივ, ჯვრის მკლავის ქვეშ კიდევ ერთი მომცრო დისკოა. ოთხივე ფასადს პერანგის ქვები ნაწილობრივ შემოძარცვული აქვს. ჩრდილოეთის ფასადს კი მთელს რიგზე შერჩენილი აქვს მარტივი პროფილის კარნიზის ქვები. ხოდურეთის ეკლესია სავარაუდოდ IX-ან X ს-ის დასაწყისით უნდა დათარიღდეს.