ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სერას არქიტექტურული კომპლექსის სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები მდინარის პირას, შემაღლებულ ბუნებრივ ტერასაზეა განლაგებული. კარგად იკითხება ქვის სწორკუთხა ნაგებობის გეგმა, რომელიც ყველაზე დიდი შენობა უნდა ყოფილიყო და ჩანს ფეოდალის სასახლეს წარმოადგენდა. ტერასის სულ ბოლოს დგას საკმაოდ კარგად შემორჩენილი დარბაზული ეკლესია, სწორკუთხა მოხაზულობისა ორფერდა გადახურვით, ნაგებია თეთრი და მოყვითალო ქვის კარგად ნათალი კვადრებით, მწკრივები უსწორმასწოროა.
შესასვლელი სამხრეთითაა, აღმოსავლეთით საკურთხეველში და დასავლეთით თითო სარკმელია. დარბაზი ცილინდრული კამარით გადაიხურებოდა, რომლებიც განივ კედლების კიდეებში ჩადგმულ პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებს უშნოდ ნაძერწი კაპიტელები ადგას. კონქი ოდნავ კვერცხის მოხაზულობისაა, ქვის წყობა აქ ძალზედ უხარისხოა.
ექსტერიერში სამხრეთ კარს დიდი და საგანგებოდ მორთული პორტალი აქვს. წნული ორნამენტი ვერტიკალურად შემოსაზღვრავს კარს, ხოლო კარის ზემოთ კიბეებს იკეთებს და უფორმო ნახევარწრეს შემოხაზავს, რომლის შიგნით კიდევ ერთი მაღალი რკალია შუა ჩაწერილი გოლგოთის ჯვრის რელიეფით და ხუცური წარწერით. იკითხება მხოლოდ ქ-ე. თაღს ორსავ მხარეს წრეში ჩაწერილი ჯვრებია. მსგავსი ხარისხის საპირე ქვა ამკობდა აღმოსავლეთის სარკმელს. ეს ქვა ახლა ჩამოვარდნილია და აღმოსავლეთ კედლის პირას გდია. კარის წირთხლში შემორჩენილია ფრსკის კვალი.
სამხრეთი ფასადზე პორტალიდან მოყოლებული აღმოსავლეთის კიდემდე მთელს სიგრძეზე მოთავსებულია საკმაოდ დიდი და გრძელი ხუცური წარწერა, რომელიც აღმოსავლეთითაც გრძელდებოდა. წარწერაში ამ ეკლესიის აღმშენებელი ათაბაგი მზეჭაბუკია მოხსენიებული. ეს წარწერა ექ. თაყაიშვილმა მზეჭაბუკ ყვარყვარე I-ის ვაჟის მოსახსენებლად ჩათვალა, რომელიც მართავდა სამცხე საათაბაგოს.
წარწერის ხასიათითა და არქიტექტურის სტილისტური მახასიათებლებით ეკლესია 1500-1515 წწ-ით თარიღდება.