ოთხთა ეკლესია

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ოთხთა ეკლესია წყაროებში დიდ ლავრად მოიხსენიება. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრების თანახმად, სწორედ აქ მოღვაწობდნენ ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებელი მამები საბერძნეთში წასვლამდე.

ტერასებად მოწყობილი ერთ დროს დიდი ლავრის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობაა დარჩენილი, მათ შორის სამონასტრო შენობები და ეკლესიები. მთავარი ეკლესია დიდი ბაზილიკაა, რომელსაც მიმსვლელი ჩრდილოეთიდან უდგება.

4 წყვილი ბურჯებით ეკლესია სამ ნავადაა დაყოფილი, თუმცა კი წყვილი ბურჯების განლაგება არათანაბარია და გეგმაზე დახედვისას კაცს შეიძლება მოეჩვენოს, რომ გუმბათიანი ტაძრის გეგმას უყურებს. თუმცა როგორც კედლებზე დაკვირვებით ჩანს, თვდაპირველად სვეტების რიტმი თანაბარი უნდა ყოფილიყო და მოგვიანებით რაღაც მიზეზების გამო ბურჯები გადაუადგილებიათ.

აფსიდა განიერია და დიდი, გვერდით ორ-ოროთხიანი და ორ იარუსიანი სათავსებია. გადაკეთების კვალი ბევრგან იკვეთება. აღსანიშნავია, რომ გვერდით კედლები ნაშენია ოპოს მიქსტუმის ტექნიკით, ასევეა საკურთხევლის ქვედა ნაწილი, სადაც ნალესობა ჩამოყრილია და კარგად ჩანს. ხოლო ცენტრალური ბირთვი, სვეტები, კამარები, თაღები ნაშენია ქვით. კონსტრუქციული ნაწილები კი კარგად გათლილი ქვითაა ამოყვანილი.

ეკლესიას სხვა გადაკეთების კვალიც ეტყობა, საკურთხევლის კონქისა და დასავლეთის კედელზე აშკარად სჩანს, რომ ტაძრის სიმაღლე გაუზრდიათ. ასევე მოგვიანებითაა ჩადგმული დასავლეთ ნაწილში პატრონიკენი.

ფასადები კარგად ნათალი ყვითელი ქვებითაა მოპირკეთებული, სახურავის აწევის კვალი აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, ფრონტონების ქვეშ კარგად ჩანს. ფასადები შემკულია უწყვეტი თაღნარით, 5-5 თაღია აღმოსავლეთ და დასავლეთით. გვერდით ფასადებზე ასევე თაღნარით არის გაფორმებული როგორც ქვედა, ისე ზედა იარუსები. მიუხედავად იმისა, რომ მზე სამხრეთით ეცემა და ტრადიციულად სამხრეთი არის ხოლმე „მთავარი“ ფასადი, ოთხთაში ჩრდილოეთ ფასადზე ლილვები წნულია და მეტად დეკორატიული.

ფიგურული რელიეფები ოთხთაში არაა, მხოლოდ წრეში ჩაწერეილი ჯვარია გამოსახული აღმოსავლეთ აფსიდის კონქის ძირში, რომლის გვერდით წარწერა იკითხება: „ქე ადიდე დავით კურაპალატი“, რაც დავით კურაპალატის სადიდებელი უნდა იყოს. ოთხთას ფასადებზე არის კიდევ რამდენიმე წარწერა.

მოხატულობა თავმოყრილია აფსიდში, რომელიც 5 რეგისტრად იყოფა. გამორჩეულია საკურთხევლის სარკმლის თავზე გამოსახული ქალაქ იერუსალიმის პერსონიფიკაცია, ქალი ტაძრით ხელში სიუხვის რქით და წარწერით „სიონი“.

ეკლესიის კამარები დღესაც მრთელია და შერჩენილი აქვს კრამიტი.

ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს სამონასტრო ნაგებობები, დიდი ორნავიანი დარბაზი და მის დასავლეთით უფრო მცირე ოთახებისგან შედგენილი შენობა.

ოთხთა ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც ორსართულიანია. პირველი სართული სამონასტრო საძვალე უნდა ყოფილიყო, დღესაც მრავლად ჩანს მიწის ქვეშ თუ ზემოთ ძვლები.

ეკლესია ნაგებია ოპოს მიქსტუმის ტექნიკით, რაც ბიზანტიაში გავრცელებული სამშენებლო ტექნიკა იყო და აგურისა და ქვის მონაცვლეობით გამოყენებას გულისხმობს.

+მეტამონაცემები