| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ადიგენის მეჩეთი (41°40’59.63″N 42°41’55.50″E 1315 მ) (მკძ 2024, 42-43) ძალზე დაზიანებული სახითაა მოღწეული ჩვენამდე. შემორჩენილია მხოლოდ შენობის კორპუსის კედლები სახურავის გარეშე, ხის კონსტრუქციები – ბოძები, აივანი, გადახურვა – აღარ არსებობს. ორივე სართული ირეგულარული ფორმის ქვით და დუღაბითაა ნაგები (მეორე იარუსი – უფრო წვრილი ქვით), კარგად დამუშავებული კვადრები გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებზე, კარნიზზე, კარის პორტალზე, დიდი თაღოვანი სარკმლების მოჩარჩოებაზე და სხვ. ოსტატურად შერჩეული სხვადასხვა ტონალობის კვადრები საკმაოდ ცხოველხატულ ეფექტს ქმნის. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მიჰრაბის პირდაპირ. კარის პორტალი ფართოა, სწორკუთხა მოხაზულობა მონიშნულია ლილვებით, რომლებსაც, ქართულ მონუმენტურ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული ხერხის მსგავსად, მომრგვალებული ბაზისები აქვს. ლილვები „გაკვანძულია“ ბორჯღალებით შემკული მედალიონებით. დეკორში ბევრია ტრადიციული ქართული ორნამენტის ელემენტი (მაგ., ყურძნის მტევნების მსგავსი დეტალები), ჩუქურთმები ხეზე კვეთის ხალხური ხელოვნების სტილშია შესრულებული. ასტრალური სიმბოლოები და წვრილი სამკუთხედებით ნაკვეთი არშიები მიუყვება შესასვლელი კარის შეისრულ თაღს, რომელიც მიჰრაბის პირდაპირ, აღმოსავლეთის კედელშია გაჭრილი. ტრადიციული ქართული საცხოვრისის დედაბოძისა თუ ბუხრისთავის გაფორმებას მოგვაგონებს მიჰრაბის მორთულობაც, რომელზეც ისევ გეომეტრიულ დეკორს და ციურ მნათობებს ვხედავთ ისლამური არქიტექტურისთვის ტრადიციულ მუკარნასებთან და შეისრულ თაღთან კომბინაციაში. ორ-ორი ფართო, თაღოვანი სარკმელი გაჭრილია დასავლეთის (მიჰრაბის აქეთ-იქით), ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში. ეს სარკმლები ცენტრალურ სივრცეს ანათებდა, მათი წირთხლები კარგად გათლილი, მორკალური მოვარდისფრო ქვებითაა გამოყვანილი. უფრო მცირე ზომის სარკმლების რიგი მოთავსებულია კედლების ზედა ნაწილში, შენობის მთელ პერიმეტრზე. ისინი ხის გალერეებისათვის, საქალებოსთვის იყო განკუთვნილი. ადიგენის მეჩეთის შესასვლელი კარის თავზე, ძლიერ შვერილი თაღის ქვეშ, მოთავსებულია მოწითალო ფერის ფილა თარიღით – ჰიჯრის 1303 (1885) წელი. როგორც ირკვევა, შენობა ერთ-ერთი უძველესია ადიგენის რეგიონის მეჩეთებს შორის.

