ოშკი

×დაწვრილებით


ნინო ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი
გია შერვაშიძე

ოშკის მონასტრის მთავარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მძლავრი, მონუმენტური ნაგებობაა. იგი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტაძარი იყო არა მხოლოდ ტაოში, არამედ მთელ საქართველოში. ეკლესიის კედელზე დაცული დიდი საამშენებლო წარწერის მიხედვით, ტაძარი აგებულია X ს-ში.

შენობა ჯვარ-გუმბათიანია და ტრიკონქის ტიპს განეკუთვნება. ჯვრის გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული. გუმბათი ოთხ მასიურ ბურჯს ეყრდნობა. ოთხივე ბურჯი მასიურ ბაზისებს ეყრდნობა. დასავლეთის ბურჯებს აღმოსავლეთის პირზე ღრმა სატახტე ნიშები აქვს. ბურჯებიდან გუმბათის ყელზე გად ასავლა მარაოსებრი ტრომპ-აფრებით ხდება.

ეკლესიის ინტერიერში სივრცე დიდებული, გრანდიოზული და ჰარმონიულია. ჯვრული სივრცის გამოყოფას არაფერი უშლის ხელს. გვერდითა სათავსების მოცულობები დამოუკიდებელი და ჩაკეტილია. ეკლესიის ინტერიერს საზეიმო, უფრო მდიდრულ ელფერს ქვაზე კვეთილობის სიუხვე სძენს. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთული პროფილის კაპიტელები და ბაზისები. გარედან ტაძარს შენარჩუნებული აქვს ჯვრისებრი მოხაზულობა. ტაძარი მდიდრულად არის შემკული საფასადო დეკორით. ეკლესიის სამხრეთ სტოას მიუყვება ტეხილი კარნიზი.

ეკლესიის აზიდული პროპორციები, მასშტაბურობა, სკულპტურული დეკორის, ლაპიდარული და ფრესკული წარწერების სიუხვე – განსაკუთრებულ გამომსახველობას ანიჭებს ტაძარს. არქიტექტურული პლასტიკის ასეთი სიუხვე იშვიათია ქართულ ხუროთმოძღვრებაში. აქ მრავლად არის ზოომორფული მოტივები.

სტოას სვეტების შემკულობაც ფიგურული რელიეფებისა და ორნამენტის სიუხვით გამოირჩევა.

სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში არის ყველაზე ვრცელი ხუთ ფიგურიანი იკონოგრაიული ვერსია ვედრების კომპოზიციისა, კიდეებში ქტიტორების – დავით მაგისტროსისა და მისი ძმის, ბაგრატ ერისთავ-ერისთავის გამოსახულებით, ეკლესიის მოდელით ხელში.

ტაძრის ინტერიერი მოხატული იყო. მხატვრობა სხვადასხვა დროისაა. საკურთხეველში – XI ს., ჩრდილოეთ აფსიდსა და სამხრეთ გალერეის აფსიდში – XII ს.

საკურთხეველში აღმოჩენილი ფრესკული წარწერის თანახმად, საკურთხეველი მოუხატავს ვინმე ჯოჯიკს, 1036 წელს. ტაძარში დაცული წარწერებიდანვე ირკვევა, რომ დაახლოებით 1022-1025 წლებში იმპერატორ ბასილ მეორის და კონსტანსტინეს ბრძანებით, ტაძარი ხელმეორედ იყო გადახურული.

+მეტამონაცემები