| ნინო ბაგრატიონი გიორგი ბაგრატიონი |
გიორგი ბაგრატიონი გია შერვაშიძე |
სოფ. ხიზაბავრას იესოს უწმინდესი გულის სახელობის კათოლიკური ეკლესია (41°31’20.65″N 43°17’23.70″E 1513 მ) სააღმშენებლო წარწერის მიხედვოით, აგებულია 1898 წელს. ამავე ეკლესიაზე განთავსებული მეორე წარწერის მიხედვით, ის ააგო მოხეილ ვარძელაშვილმა 1883 წელს პოლონელი არქიტექტორის კროპინსკის პროექტის მიხედვით. ეს დიდი ზომის დარბაზული ნაგებობაა სამხრეთ შესასვლელთან არსებული კარიბჭით (კიდევ ერთი კარი დასავლეთითაა). კარიბჭის ოთხმხრივ თაღებით გახსნილ პირველ იარუსზე დადგმულია მეორე ასეთვე მოცულობა და შემდეგ დაშენებულია რვა სვეტზე დაბჯენილი სამრეკლოს ოქტოგონალური ფანჩატური. ეკლესია რუხი, ოდნავ უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები.
დარბაზის თავისებურებას წარმოადგენს აფსიდის არარსებობა. კედლის ცენტრალური ნაწილი საკურთხევლი უკან მხოლოდ ოდნავაა მორკალული შიგნიდან. აქეთ-იქით იზოლირებული პასტოფორიუმებია, რომლებიც კარებით უკავშირდება როგორც საკუთხეველს, ისე ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლი წინ განიერი, პილასტრებზე ამოყვანილი ტრიუმფალური თაღია, პილასტრები და საკურთხეველი მაღალ ხარისხზეა აღმართული. დარბაზი ოთხი წყვილი პილასტრისა და კამარის ოთხი საბჯენი თაღის საშუალებითაა დანაწევრებული, კაპიტელები პროფილირებულია. ინტერიერში კედლები შელესილია, შეუთეთრებლად დატოვებულია მხოლოდ ტრიუმფალური თარი და პილასტრები. დასავლეთ მხარეს პატრინიკეა. ეკლესიის დასავლეთ მხარეს 3 სარკმელია, გრძივ ფასადებზე – 6-6 (აქედან თითო პასტოფორიუმებს ანათებს). ეკლესია გალავნითაა გარშემორტყმული. როგორც ეკლესიის ფასადებზე, ასევე გალავანზე ვხედავთ წყობაში ჩატანებულ ძველ ქვებს, მათ შორის – ორნამენტულ ფილებს ჯვრების გამოსახულებებით, ხაჩკარების ფრაგმენტებს და სხვ.

